ქართველი ხალხი კი - უმუშევარი, მოტყუებული, თუმცა უკვე გამოფხიზლებული, მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლებით არის აღშფოთებული, რომელსაც თავისი ხმა სამჯერ მისცა 2 წლის განმავლობაში - საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში - 2012, 2013 და 2014 წლებში. აღშფოთებულია იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ორი მთავარი პირობა, რის გამოც იგი აირჩიეს: არ დასაჯა „ნაციონალები“ - დამნაშავეები და რუსეთს კარი ფართოდ არ გაუღო. არ აღადგინა დიპურთიერთობები, არ მოახდინა ვიზების ლიკვიდაცია, საშუალება არ მისცა მილიონ-ნახევარ ქართველს საქართველოდან გულში ჩაეკრათ მილიონი ქართველი რუსეთში. ვერ შეძლო დიალოგის დაწყება აფხაზებსა და ოსებთან, ვერ დაძრა მკვდარი წერტილიდან ლტოლვილების დაბრუნების პრობლემა.
საწყენია, რომ პრორუსად მონათვლის შიშით ამჟამინდელი ხელისუფლება იძულებულია, ყოველდღიურად ჩააბაროს ვაშინგტონისა და ბრიუსელის ერთგულების ტესტი „ნაციონალების“ - სააკაშვილის დამნაშავეთა კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ. იძულებულია პოლიტიკის მთავარი სეგემენტები - რუსეთთან, აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობები - ორ მარტოხელა „ტრაგიკოსს“ - სპეცწარმომადგენელ აბაშიძესა და შერიგების მინიტრ ზაქარეიშვილს გადაულოცოს, რომელსაც თავისი უ-„მოქმედობის“ გამო კანონის წინაშე პასუხისგება არ აცდება.
სამწუხაროა, რომ ივანიშვილის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას, რომელმაც პირსისხლიანი დიქტატორი სააკაშვილი ჩამოაგდო, 2 წლის შემდეგ უფრო მეტად ეშინია „ნაციონალების“ შავი პიარის, ვიდრე საკუთარი ხალხის უკმაყოფილების... ცუდია, რომ „ნაციონალებმა“ ნოემბერში აიძულეს პრემიერი ღარიბაშვილი, ბრიუსელში დათანხმებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ბაზების განთავსებას. რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა ერთი თვით ადრე - სექტემბერში, უელსის სამიტის წინ.
სამწუხაროა, რომ 24 ნოემბერს ნაციონალებმა აიძულეს ღარიბაშვილი, რომელიც მაქსიმალურად იკავებს თავს ანტირუსული რიტორიკისგან, რუსეთის მისამართით არაშორსმჭვრეტელური განცხადება გაეკეთებინა აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილმა დაწერა და ასლები გადაუგზავნა ალასანიას, „ნაცმოძრაობას“, „კარალევა მარგოს“. ნაციონალები აიძულებენ ღარიბაშვილს, ყოველდღე იფიცოს საქართველოსთვის ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობა, თუმცა ვერც ქალაქებში და ვერც სოფლებში ძეხორციელს ვერ შეხვდებით, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს წევრობა რომ სურდეს! იმისათვის კი, რომ „ევროატლანტიკური ქართველების“ განსაკუთრებულ ჯიშს შეხვდეთ, სპეციალურად უნდა გამოიწეროს საშვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და სამინისტროებში - ზოგიერთ მინისტრთან...
შევარდნაძისა და სააკაშვილის ინიციატივით მიღებული გაეროსა და ევროპარლამენტის რეზოლუციების ფურცლებით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებენ და რუსეთს გმობენ, თბილისიდან მოსკოვამდე და უკან გზის მოფენა შეიძლება, თუმცა მისი ამჟამინდელი მმართველები თავისი წინამორბედების მცდარი გზით მიდიან - დასავლეთისაკენ და ქართველ საზოგადოებას აიძულებენ დეჟავიუსგან იტანჯებოდეს... საქართველო, მოუმწიფებელი ბავშვივით ემუდარება გაუგებარ „მსოფლიო თანამეგობრობას“, გამოხატოს თავისი აღშფოთება რუსეთის მიმართ მორიგ რეზოლუციებში, იმიტომ, რომ „ძია სემმა“ მკაცრად აუკრძალა ქართველ მმართველებს „ცუდ ბიძია ვალოდიასთან“ მეგობრობა...
„ბიძია ვალოდიამ“ კი, ანუ - ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც 24 ნოემბერს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აფხაზეთთან, ქართველებს მესამე და უკანასკნელი შანის მისცა!
პირველად ეს 2008 წელს მოხდა, როცა პუტინმა მოუწოდა კომპიუტერული ომობანით გართულ სააკაშვილს, თავი დაენებებინა ამ ბავშვური გასართობისთვის და საქართველოს კონფედერაციულ მოწყობაზე ეფიქრა, რაზეც მაშინ თანახმა იყო სოხუმიცა და ცხინვალიც. პუტინი ხშირად იმეორებდა, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა აფრთხილებდა, რომ „კოსოვოს პრეცედენტი შესაძლოა პრეცედენტად იქცეს“... ასეც მოხდა და საქართველომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე შანსი - 2008 წლის 12 აგვისტოდან 26 აგვისტოს პერიოდში იყო, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტიდან რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების მომენტამდე. სწორედ ამ ორი კვირის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია გულითადად სთხოვდა სააკაშვილის ხელისუფლებას კრემლთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე წასვლას, და მზაობაც გამოთქვა, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, სასწრაფოდ მოეხდინა მოლაპარაკებების ორგანიზება მოსკოვთან უმაღლეს დონეზე. თუმცა, საქართველომ მეორედაც ხელიდან გაუშვა თავისი შანსი...
მესამე და ბოლო შანსი, აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შევურიგდეთ აფხაზებსა და ოსებს და უბედური ლტოლვილები თავიანთ სახლებში დავაბრუნოთ, პუტინმა მოგვცა დღეს, როცა 2014 წლის 24 ნოემბერს ხელი მოაწერა აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 10-წლიან შეთანხმებას. საქართველო ამ ათი წლის განმავლობაში ან ინტეგრირებას მოახდენს ოჯახში, სადაც უკვე იმყოფებიან რუსეთი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ასევე, ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი, და ამ სივრცის შიგნით გაერთიანდება აფხაზებსა და ოსებთან ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში, ანდა თავად შეწყვეტს სახელმწიფოდ არსებობას და საბოლოოდ გადაიქცევა აშშ-ის სატრანზიტო ტერიტორიად - დერეფნად, რომელსაც გათელავს ამერიკული ჩექმა ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე და უკან, სადაც პენტაგონის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში, იწარმოება მასობრივი განადგურების ბაქტერიოლოგიური იარაღი, სადაც მომზადებას გაივლიან საერთაშორისო ტერორისტები - ბოევიკები ნატოს ბანაკებში.
ამ შემთხვევაში, 10 წლის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევლენ. თუმცა გამპროტესტებელი აღარავინ იქნება, რადგან ამჟამინდელი ქართველი ვაი-პოლიტიკოსები დავიწყებას მიეცემიან გაცილებით ადრე...
P. S. გუშინ, 2014 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მორიგი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც დასავლეთი მიიჩნევდა და მიიჩნევს „დემოკრატიის შუქურად“. გვჭირდება კი ასეთი „დემოკრატია“ და დასავლეთი?! როდემდე იქნებიან ქართველებისთვის ეტალონები მკვლელთა მფარველები? აქვს კი ძალა პაწაწინა საქართველოს, რათა შემდგომში თავი დააღწიოს ევროატლანტიკურ მონობას? რამე რომ იყოს, გაუშვებენ კი მშვიდობიანად მას თავის გზაზე ნატო და ევროკავშირი, როგორც თავის დროზე სსრკ-მ გაუშვა?!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: ИА REX
2014 წლის 28 ნოემბერი,
საქართველო, თბილისი