უცხოეთი
მისტრალებთან დაკავშირებული კონტრაქტის შეუსრულებლობა საფრანგეთს 3 მლრდ ევრო დაუჯდება

1-pariz-zar-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთმა რუსეთს 3 მლრდ ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს „მისტრალის“ ტიპის „შვეულმფრენმზიდების მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, - ვარაუდობენ ექსპერტები, რომლებმაც ამის შესახებ გაზეთ Parisien-ს განუცხადეს.

გამოცემის წყარო დიპლომატიურ წრეებში აღნიშნავს, რომ ხომალდების მიწოდების კონტრაქტის ღირებულებაზე - 1.2 მლრდ ევრო, რუსეთმა დამატებით შეიძლება მოითხოვოს კომპენსაცია 800 მლნ-მდე თითო „მისტრალზე“. ამგვარად, მთლიანობაში კომპენსაცის მოცულობამ შესაძლოა 3 მლრდ ევროს მიაღწიოს.

თუმცაღა, ერთიანი აზრი კომპენსაციის მოცულობასთან დაკავშირებით ფრანგულ მედიას არ აქვს. მაგალითად, გამოცემა Nouvel Observateur-ის მონაცემებით, კომპენსაციის მინიმალური თანხა 250 მლნ ევრო იქნება, ამასთან, გაზეთ „მონდეს“ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს თანხა მილიარდ ევროს შეადგენს.

ამასთან, საფრანგეთმა რფ-ს უნდა გადაუხადოს თანხა, რომელიც რუსეთის მხარემ ხომალდებისთვის ავანსად შეიტანა - კონტრაქტის ღირებულების სამი მეოთხედი - 800 მლნ ევრო.

„მისტრალის“ ტიპის ორი შვეულმფრენმზიდის მიწოდებაზე კონტრაქტი ფრანგულ კომპანია DCNS-სა და “როსობორონოექსპორტს“ შორის 2011 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულებამ 1.2 მლრდ ევრო შეადგინა. პირველი ხომალდი რუსეთის ფლოტის შეიარაღებაში 2014 წლის ბოლომდე უნდა გადავიდეს, მეორე კი 2015 წელს.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გადაწყვიტა, რუსეთისთვის ორი ხომალდიდან პირველის - „ვლადივოსტოკის“ მიწოდება შეეჩერებინა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო.