მაგრამ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პროკურატურა რატომ არ იშურებს ძალას იმისათვის, რომ კვიციანი გამტყუნდეს და ყველაზე მძიმე ბრალდებები დაუდასტურდეს? სასამართლოსგან განსხვავებით, პროკურატურაში ხომ გატარდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები? განა ნებისმიერი პროკურორისთვის კვიციანის უდანაშაულობა ცხადი არ არის? ამიტომ, პროკურატურა არღვევს როგორც იურიდიულ ნორმებს, ისე პრემიერმინისტრის პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ხომ ცხადია, რომ კვიციანის დასჯა, მით უმეტეს, ასეთი მკაცრი დასჯა, ღარიბაშვილის რეიტინგს გაანადგურებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილის მთავრობას ღიად დაუპირისპირდა ირაკლი ალასანიას კლანი, ნაცურ „შანტრაპასთან“ ერთად, რომელთაც, როგორც ცნობილია, ზურგს დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსები და სპეცსამსახურები უმაგრებენ.
შესაბამისად, კვიციანის საქმე არ არის მისი და მისი ოჯახის პრობლემა, ეს არის დიდი პოლიტიკური პრობლემა, რომელიც თავად ღარიბაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ფაქტობრივად, ღარიბაშვილს უთხრეს: „შენ ვერ მართავ საქართველოს!“
ჩვენი ღრმა რწმენით, პრემიერმინისტრმა მძლავრად უნდა დაჰკრას ხელი ნაცურ ქვეწარმავალს და ხერხემალში გადატეხოს იგი. დღეს ხალხი დიდი ენთუზიაზმითაა მოცული და გაჰყვება პრემიერმინისტრს, თუკი იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის გადასაწყვეტად აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური სისტემის ძირეული ცვლა. დღეს ღარიბაშვილის პოპულარობა ეჭვს არ იწვევს. დღეს. ხვალ და ზეგ, შეიძლება, გვიანი აღმოჩნდეს.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
გულბაათ რცხილაძე