ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადადის
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება და, მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების შეცვლას ითვალისწინებს. თბილისის ფიქსირებული (ე. წ. ქალაქის) სატელეფონო ქსელში არსებულ სააბონენტო ნომერზე ერთი ციფრის დამატებით შემოღებული იქნება შვიდნიშნა სააბონენტო ნუმერაცია. იგივე წესით საქართველოს ყველა სხვა ქალაქში ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებში შემოღებული იქნება ექვსნიშნა სააბონენტო ნუმერაცია. მობილური ქსელის ოპერატორი კომპანიების ორნიშნა კოდებს დაემატება ერთი ციფრი "5" (მაგ: მაგთი - 8 99 ნაცვლად - 8 599; ბალი - 8 98 ნაცვლად - 8 598; ჯეოსელი - 8 77 ნაცვლად - 8 577; ლაი-ლაი - 8 93 ნაცვლად -8 593; ბილაინი - 8 97 ნაცვლად -8 597 და ა.შ.) ხოლო, იგივე წესით, სააბონენტო ნომერი უცვლელად ექვსნიშნა დარჩება. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ქსელის აბონენტს საშუალება ექნება, ისარგებლოს ყოველ გამოძახებაზე მისთვის სასურველი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საოპერატორო კომპანიის მომსახურებით.