უცხოეთი
„20:30 საათზე სოხუმში, სასტუმრო „ოლიმპის“ პირდაპირ, „ოპელის“ მარკის ავტომანქანამ გზა გადაუკეტა ავტომანქანა „მერსედეს-ბენცს“, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა იჯდა, რის შემდეგაც „ოპელის“ მძღოლი და მგზავრი თავს დაესხნენ პრემიერს“, - განაცხადა აფხაზეთის შს მინისტრმა რაულ ლოლუამ.
შს მინისტრის თქმით, სულ მის მანქანაში სამი კაცი იჯდა - ორი მამაკაცი და ერთიც - ქალი. ყველა დააკავეს, თუმცა ქალი გაუშვეს. აღნიშნულ ფაქტზე აფხაზეთის გენპროკურატურა მოკვლევას ატარებს, დგინდება დანაშაულის მოტივები.
დაზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილში ისხდნენ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლები ახრა ენიკი, ინალ ავიძბა და ნიუტა აშუბა, რომლებიც შსს-ში მიიყვანეს. დადგენილია, რომ ენიკი და ავიძბა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თავდასხმის შედეგად ბუთბამ ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.