საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. სია გამოცემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პრესტიჟული რეიტინგის სათავეში პუტინი უკვე მეორედ ხვდება. რუსეთის ლიდერის შემდეგ მსოფლიოს მეორე გავლენიანი ადამიანი კი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაა.
„ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, მესამე ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, მეოთხე და მეხუთე კი, შესაბამისად – რომის პაპმა ფრანცისკმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავეს.
რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: აშშ-ს სარეზერვო ფედერალური სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი (მე-6 ადგილი), კომპანია „Microsoft“-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი (მე-7 ადგილი), ევროპული ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე მარიო დრაგი (მე-8 ადგილი).
„Google“-ის თანადამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა მე-9 ადგილი გადაინაწილეს. მეათე ადგილზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ პუტინის გარდა რეიტინგში „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი (42 ადგილი), „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი (47 ადგილი) და მეწარმე ალიშერ უსმანოვი (61 ადგილი) აღმოჩნდნენ.
„ფორბსის“ რედაქციის განცხადებით, მსოფლიოში პუტინის ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარება მათ მიმდინარე წლის მოვლენებმა გადააწყვეტინეს. ამ წელს პუტინმა „ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინაში არაპირდაპირი ომის ორგანიზება მოახდინა და ჩინეთთან 70 მილიარდ დოლარის საფასურის გაზსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა“.
გამოცემამ პუტინი ასევე სახელმწიფოს ლიდერად დაასახელა, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად არ ზღუდავს საერთაშორისო საზოგადოების აზრს.