პუბლიკაციები
2014 წლის 4 ნოემბერს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავისუფლდა

1-DolZnost-an-GEO-RUSსაქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: „თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზეც ირაკლი ალასანიას ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები, რასაც მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი ხელს უწყობდეს გამოძიების პროცესს, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, მისი მოქმედებები იწვევს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობას უკომპრომისო პოზიცია ექნება მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს იგი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე".

ღარიბაშვილი უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მიმდინარე გამოძიება საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევას წარმოადგენს."ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ 4 მილიონი ლარის გაფლანგვა. ეს თანხა პირდაპირ ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებოდათ. მინისტრი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ეფექტურ მინისტრად ვერ ჩაითვლება და მხოლოდ ამის გამო აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე".

პრემიერის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაიკავებს.