პოლიტიკა
ხელისუფლება აქციისთვის ხელის შეშლას არ აპირებს

kolazhiპარლამენტის წინ ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ მიერ აქციის გამართვამდე ერთი დღე დარჩა. 25 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოების მონაწილეობით კრების დელეგატებს აირჩევენ. ამასთან, ცნობილი გახდება ის მოთხოვნები და ულტიმატუმები, რაც კრებას მმართველი გუნდის მისამართით გააჩნია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გეგმავს რუსთაველის გამზირზე გასვლას. საქინფორმი დაინტერესდა, თუ როგორ ემზადებიან სახელმწიფო სტრუქტურები ამ დღისთვის და როგორ დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ამასთან, არიან თუ არა მზად შესაბამისი რეაგირებისთვის, თუკი 25 ნოემბერს გამართული აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.
როგორც საქინფორმს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნანუკა ზაქარეიშვილმა აცნობა, მერია ინფორმირებულია აქციის შესახებ და აღნიშნული აქცია მის მიერ სანქცირებულია.
ნანუკა ზაქარეიშვილი თბილისის მერის პრესამსახურის უფროსი: „სახალხო კრების წევრებმა მერია გააფრთხილეს, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. თუ მასშტაბური აქციები იქნება, მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზს შევცვლით და მათ სანაპიროს მხრიდან მოუწევთ გადაადგილება. ასევე, მერია აპირებს სასწრაფო დახმარების მანქანები დილიდანვე გამოყოს, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ,’’– აცხადებს ზაქარეიშვილი.
,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრი, ირაკლი ბათიაშვილი ვარაუდობს, რომ 25 ნოემბრის აქცია ერთდღიანი არ იქნება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
თუ რამდენიმე თვის წინანდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული კრების მხარდასაჭერად მისულმა საზოგადოებამ პრეზიდენტის კანცელარიასთანაც გადაინაცვლოს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის - ნათია ბანძელაძის განმარტებით, წინასწარ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაფრისთვის არ ემზადებიან.
ნათია ბანძელაძე, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი: ,, ასეთ საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსგავსი სამზადისი არ არის, ’’- ამბობს ბანძელაძე.
2007 წელს ნოემბრის აქციების დარბევის დროს შს სამინისტროსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დანაყოფებს აქციის დარბევაში თავდაცვის სამინისტროც დაეხმარა. აპირებს თუ არა 2007 წლის პრაქტიკის გამეორებას ახალაიას უწყება, უცნობია, ვინაიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამსახურში არ იმყოფებიან, თავად მინისტრი ბრიუსელშია, ხოლო პრესამსახურის უფროსი სალომე მახარაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საქინფორმი ესაუბრა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის მდივანს, ვინმე ლიას, რომელმაც საკუთარი გვარი, პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გაგვიმხილა.
ლია, თავდაცვის მინისტრის მოადგილის მდივანი: „ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. როგორც ვიცი, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა და ეს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. თავად ბატონი ნიკა მივლინებიდან დღეს დილით დაბრუნდა და მისი პოზიცია ამ საკითხზე ჩემთვის უცნობია. მის პირად ნომერს კი ვერ მოგცემთ,“ - გვითხრა ლიამ.
ხელისუფლება ხვალინდელ აქციას რბილად უყურებს, თუმცა მათი ამგვარი პოზიცია არარეალურია. როგორც კრების წევრები ამბობენ, მმართველი გუნდი აპირებს, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაციები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციაში შეაგზავნონ, რომელთაც დაავალებენ პოროვოკაციების მოწყობას. ამის გამო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები ყველა შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას ხელისულებას აკისრებენ.