სამართალი
ალასანია: „უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით! პასუხისმგებლობა დადგება უკვე იმ პირების, ვინც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. თუ აქვს ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ“

1-Bezopasnost-sam-2საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების თემაზე კომენტარი გააკეთა:

„მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, და ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელს ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. სამწუხაროდ, ამის ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი, დახურულად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს... ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ... შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან ვგეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ... გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს“.