ღვთისკაცი, რომელმაც საქართველოს ეროვნული საგანძური გადაარჩინა
ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივითა და დაფინანსებით, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა.
დიდი ქართველი მამულიშვილის, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე ღვთისკაცის მუზეუმის გახსნას საქართველოს პატრიარქთან ერთად სამღვდელოების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ექვთიმე თაყაიშვილი (წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი) 1863 წლის 3 იანვარს ოზურგეთში დაიბადა. ის იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ემიგრაციაში საფრანგეთში გაჰყვა, სადაც შეძლო ქართული ეროვნული საგანძურის დაცვა და გადარჩენა. 1945 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. იგი 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. დიდი მეცნიერი ამჟამად მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.