გურჯაანში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა
გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, დაზიანებული საკანალიზაციო ჭიდან ფეკალური მასები ამოდის და ქუჩაში იღვრება. როგორც ადგილობრივებმა რეგიონში ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, შესაძლოა, ეპიდემია გავრცელდეს.
„ერთ თვეზე მეტია, ქუჩაში აუტანელი მდგომარეობაა. ფეკალური მასები დაზიანებული კანალიზაციიდან პირდაპირ ქუჩაში იღვრება. რაიონის გამგეობას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია“, - აღნიშნა კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებმა ციური სეფიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის - შოთა უტიაშვილის თქმით, ამ პრობლემის შესახებ გამგეობისთვის არავის მიუმართავს. „დღესვე ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნება. საკითხს შევისწავლით და შევეცდებით, მოვაგვაროთ“, - განაცხადა გამგებელმა.