გალელებს ახალი ავტობუსები ემსახურება
ზუგდიდიდან გალის მიმართულებით ყოველდღიურად 15 მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობს, რომელთაც მრავალი დაბრკოლების გადალახვა უხდებათ, რადგან ისინი მოძრაობენ არალეგალურად, პარტიზანულად. რუსები და აფხაზები კი მოითხოვენ, ყველა ტრანსპორტმა იმოძრაოს ოფიციალურად, მდინარე ენგურის ცენტრალური ხიდით.
გავრცელებული ვერსიით, აფხაზური ადმინისტრაციის ძალისხმევით, გალის ყველა სოფელში დააყენეს და მოსახლეობას ემსახურება ახალი, კომფორტული ავტობუსები.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ გაიხსნა ახალი მარშრუტი ''გალი-თბილისი''. ავტობუსი ყოველდღე გამოდის გალიდან და ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით მიემართება თბილისისკენ. ენგურის ხიდამდე ავტობუსი აფხაზური ნომრებით მოძრაობს, ზუგდიდიდან მას ქართული ნომრები უკეთდება. ანალოგიურად ხდება თბილისიდან გალის მიმართულებით მოძრაობისას.