საზოგადოება
პროვოკაცია – „სააკაშვილი პრემიერად“

saaka-premieriინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი „სააკაშვილი პრემიერად“. ვებგვერდზე ბლოგის შემქმნელსა და ავტორზე არავითარი ინფორმაცია არ არის მითითებული, თუმცა განთავსებულია პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდიდან აღებული ინფორმაცია: სააკაშვილის ბიოგრაფია, ფოტოები და სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ამონარიდები. ბლოგის დამთვალიერებელს შეუძლია გამოკითხვაშიც მიიღოს მონაწილეობა – „სააკაშვილი პრემიერად 2012 წელს“. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 75%-მა დადებითი პასუხი გასცა.
„სააკაშვილი პრემიერად“ – ასეთი სათაურით სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“ გამოჩნდა. ამ დროისთვის გვერდზე 73 მომხმარებელია გაწევრებული, მათ შორის ეკა ხერხეულიძეც.
აღნიშნული გვერდის ავტორი უცნობია, მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ მდედრობითი სქესის ადამიანია, რომელიც 1968 წელს არის დაბადებული. თუმცა სააკაშვილის დიდი „ფანი“ რომ არის, მისი კომენტარიდანაც ჩანს: „მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში მართლაც რომ ოქროს ასოებით შევა. ჩემი სურვილია, ბატონი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გახდეს პრემიერ-მინისტრი, რათა გაგრძელდეს ის სწორი კურსი, რაც საქართველოს გაამთლიანებს და გახდის ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მთელს მსოფლიოში“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მსგავს ვებგვერდზე არაფერი სმენიათ და რომ ეს პროვოკაციაა.