უცხოეთი
შვედეთმა უცხოური სუბმარინის საძიებო ოპერაცია გაახანგრძლივა

1-Sub-zar-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. პრესკონფერენციაზე კვირას სიტყვით გამოსულმა კონტრ-ადმირალმა ანდრე გრენსტადმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგზე ალბათობის უკიდურესად მაღალი ხარისხით უცხოური წყალქვეშა აქტივობა მიმდინარეობს.
მას არ დაუდასტურებია ან უარუყვია ცნობა კალინინგრადის საზღვაო ბაზაზე თითქოსდა ავარიული რუსული წყალქვეშა ნავიდან რადიოსიგნალის მიღების შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ არავითარ შტატგარეშე სიტუაციას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზების წყალქვეშა გემებთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.

კონტრადმირალის თქმით კი ამჟამად არქიპელაგზე მიმდინარეობს სამხედრო-სადაზვერვო ოპერაცია იმ ფაქტის დასადგენად, რომ შვედეთის ტერიტორიულ წყლებში ნამდვილად მიმდინარეობს უცხოური წყალქვეშა საქმიანობა. ოპერაცია „ერთი ან ორი დღე კიდევ გახანგრძლივდება“, სანამ არ შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები.

ადმირალის განმარტებით, „უცხოური წყალქვეშა საქმიანობა“ შესაძლოა მოიცავდეს წყალქვეშა ნავს, მინი-ნავს ან მყვინთავებს, რომლებიც ჩქაროსნულ წყალქვეშა მცურავ საშუალებებს იყენებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას უარყო ინფორმაცია ინციდენტზე, რომელიც თითქოსდა შვედეთის სანაპიროებთან რუსეთის წყალქვეშა გემს შემთხვა.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა გემები, ისევე, როგორც წყალზედა ხომალდები ამოცანებს ასრულებენ მსოფლიო ოკეანის აკვატორიაში გეგმის შესაბამისად. არავითარ შტატგარეშე და მით უმეტეს, ავარიულ სიტუაციას რუსეთის სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია და არც აქვს“, - აცხადებს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.