პუბლიკაციები
35 წელიწადს მინუს ერთი: ”დავაკაკუნეთ, გაგვეღება?”

1-Armaz-an-GEO-mtსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საცურაო კომპლექსის "ლაგუნა ვერეს" დირექტორი ვლადიმერ გოიაშვილი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოცემულ თავის წიგნში ”კუპალნიიდან" - "ლაგუნა ვერემდე" წერდა:

"აუზი ცოცხალი ორგანიზმივითაა. ბერდება. ამიტომ უნდა ვუწამლოთ მანამდე, სანამ მიხრწნილობის გამო მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ეს ერთი მხარეა. მეორე, ეგებ, უფრო მნიშვნელოვანი, არის მისი ტექნიკური აღჭურვა, ახალი მანქანა-დანადგარებით ძველის შეცვლა, გათანამედროვება მთელი ამ უზარმაზარი კომპლექსის, რათა იგი სრულად შეესაბამებოდეს საწყლოსნო სპორტის განვითარების დღევანდელ დონეს". და შემდეგ: "მე ვერ მოვატყუებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვერ დავაყენებ ფაქტის წინაშე, როცა პრობლემა კარზე მოგვიკაკუნებს".

აქვე განვმარტავ: სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის წყალობით გადარჩა თავის დროზე "ლაგუნა ვერეს" სპორტკომპლექსი, რომლის იავარქმნაზე იყვნენ დაგეშილები ველური კაპიტალიზმის "მოღვაწენი", ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც აპირებდნენ მისი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და ისეთი სასტუმროს აშენებას, რომელიც დიდ მოგებას მოუტანდა.

ხალხის, ამ შემთხვევაში, თბილისელების ჯანმრთელობის პრობლემები, ისევე, როგორც ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივა ფულს დახარბებულთა ამ გაქსუებულ "ახალ ქართველებს", რაღა თქმა უნდა, არ აწუხებდა. ამათი ბუნება "იწრო არს"...

ეს წიაღსვლა "ლაგუნა ვერეს" უახლეს ისტორიაში მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ მკითხველებს უფრო ნათლად წარმოედგინათ ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელშიც სპორტული კომპლექსი აღმოჩნდა. თბილისის ეს ტრადიციული ადგილი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ეს კერა ზუსტად იმ პრობლემის წინაშე დადგა, რომლის შესაძლებლობაზეც ვლადიმერ გოიაშვილი ლაპარაკობდა სამი წლის წინათ და რომლის გადაწყვეტისთვის პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს კომპლექსის მფლობელს. მიუხედავად იმისა, რომ "ლაგუნას" დირექტორმა არაერთხელ მიმართა მას ამ სატკივარის გამო.

წელიწადი სრულდება, რაც "ლაგუნა ვერე" არ ფუნქციონირებს. გასულ კვირაში დაარსების 35 წელი შესრულდა მისი დაარსებიდან. ეს ბოლო 12 თვე ერთადერთი პერიოდია, სამწუხარო გამონაკლისია კომპლექსის 35-წლიან ისტორიაში. არც საბჭოთა კავშირის რღვევის უმძიმეს წლებში, არც საყოველთაო განუკითხაობის ჟამს, რომელმაც 90-იან წლებში განსაკუთრებით არია ქვეყანა, არც სამოქალაქო ომის წლებში არ შეწყვეტილა "ლაგუნას" მუშაობა. არც ბოლო 9 წლის განმავლობაში, როცა კომპლექსის ხელმძღვანელობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლო თბილისელებისთვის უზრუნველეყო ამ უნიკალური კომპლექსის სიკეთით სარგებლობა. რაღა მაინც და მაინც ახლა დატრიალდა უკუღმა მისი ბედის ბორბალი?!

უსახსრობის პრობლემა, ალბათ, არ დგას, რადგან, ერთხელ დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ, მართალია, ეს ადგილი შემოსავლიანი არ არის და მფლობელს ვერ გაამდიდრებს, მაგრამ ორგანიზაციული ხელშეწყობის შემთხვევაში სრულად შეძლებს საკუთარი თავის შენახვას. არსებობის პერიოდში ამ ორგანიზაციამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა ბიუჯეტში.

რახან ანგარიშზე მიდგა საქმე, ისიც ვთქვათ, რომ მილიონამდე ბავშვმა შეისწავლა "ლაგუნას" აუზებში ცურვა; როგორც ბატონი ვოვა ამბობს, "10 მილიონზე მეტმა დამსწრემ პატივი დაგვდო და სისტემატურად ისარგებლა ჩვენი აუზით".

დღეს "ლაგუნა ვერეს" კარები თბილისელებისთვის დაგმანულია... არადა, სწორედ იქაურობა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხელმოკლე ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად შესვლა.

თბილისში არაერთი საცურაო აუზი ფუნქციონირებს, მაგრამ იქ მოხვედრას "ლაგუნა ვერეს" ყოფილი კონტინგენტი ვერ ახერხებს, ხელი არ მიუწვდებათ.

მესამე წელიწადი, რომელიც დაპირებისამებრ უკეთესი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის, ხალხისთვის, იმედის გაცრუებით არ მინდა დაიწყოს. ჩვენ ხალხს მცირეოდენი სიკეთეც ყოფნის - მადლობელიც იქნება და შთამომავლობასაც დაუტოვებს სიკეთის მქნელის სახელს. სოფლებში დღესაც არის უამრავი წყარო, რომელთა სათავისთვის ხელი შეუვლია ვინმე მადლიანს და ხალხსაც იმ კაცის სახელი დაურქმევია. ასეთია ჩვენი ბუნება და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს!

თქვენც ხომ მეთანხმებით, ბატონო ბიძინა?

არმაზ სანებლიძე

1-Armaz-an-GEO-qv