პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: „ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგი არის კომუნიკაციის არხი რუსეთთან. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“

1-zurab-pol-3-an-3საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის ფორმატი ამას არ ითვალისწინებს, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების შესაძლო გაფორმება იყო.

ავუხსენი რუს კოლეგას, რა საფრთხეებს ვხედავთ აღნიშნულ ინიციატივაში და რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია პროცესების ასე განვითარება. იყო მწვავე დისკუსია და საბოლოოდ, ჩვენ დავრჩით სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე, რაც მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის დატვირთვა და განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის წარმომადგენლებთან ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე მსჯელობის საშუალება, როგორიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს კომუნიკაცია რუსეთთან. მათ შორის უკრაინასაც, რომელსაც ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გაუწყვეტია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.