პუბლიკაციები
თბილისში ძველ და ახალ ქართულ ემიგრაციას შორის ხიდის შემქმნელი ორგანიზაციის - „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა!

Giuli-mtსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ ქართული ემიგრაციის  მუზეუმში ორგნიზაცია „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ქართველი საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები - ემიგრანტები, მეცნიერები და უნივერსიტეტის პროფესორები, ცნობილი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 პრეზენტაცია, სახელწოდებით „ხიდი სამშობლოსთან“, ლიგის ემიგრაციის კულტურული მემკვიდრეობის მოძიებისა და დაცვის კომისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა რუსუდან კობახიძემ გახსნა და ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდნენ ლიგის დამფუძნებლები: ქალბატონი ელიზა აბელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი გელა დუმბაძე, ლიგის განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ გელოვანი, სოციალურ - ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე თინა გელაშვილი, პროფესორი, ისტორიკოსი და მკვლევარი ბატონი  გელა სათიძე, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელი ქალბატონი ია მუხრანელი.

პრეზენტაციას ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებიდან ემიგრანტები სკაიპის საშუალებით ჩაერთვნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარიზიდან - ძველი ემიგრაციის წარმომადგენელი ბატონი ოთარ პატარიძე ჩაერთო, აშშ-დან - ბატონი დავით კარტოზია, ჰოლანდიიდან - ცნობილი ექიმი, ქალბატონი ნინო ჭელიძე. რა თქმა უნდა, შეხვედრას ემოციური გამოსვლების გარეშე არ ჩაუვლია - განსაკუთრებულად თბილი და სიყვარულით სავსე სწორედ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ემიგრანტების სიტყვები იყო, რომელსაც ხშირად ტაში წყვეტდა. 

ორგანიზაცია თბილისში მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ გამგეობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალბატონი ელიზა აბელაშვილია, რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი რამდენიმე ათასი ქართველი საერთო იდეის გარშემო გააერთიანა და ემიგრანტთა დასახმარებლად ორგანიზაციის სახით საკმაოდ ძლიერი მექანიზმი შექმნა.

ორგანიზაციის ჩამოყალიბების წინაპირობა მიგრაციის გაზრდა, ემიგრანტთა პრობლემები და წინააღმდეგობები, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გადინება, ემიგრანტული კულტურული მემკვიდრეობის დაუცველობა და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების საფრთხე გახდა. ქალბატონ ელიზას განცხადებით, „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ მიზანი ქართველი ემიგრანტებისთვის და ემიგრაციიდან დაბრუნებული პირებისათვის განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, უფლებათა დაცვის და სხვადასხვა მიმართულებით ადვოკატირების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარება და ემიგრანტული კულტურული მემკვიდრეობის მოძიება და დაცვაა. მისივე განმარტებით, ორგანიზაციის დაფინანსების წყარო საწევრო გადასახადი, შემოწირულობები, გრანტები და ქველმოქმედება იქნება.

მიუხედავად ძალიან მცირე დროისა, უკვე შექმნილია კომისიები, რომელთაც საკუთარი საქმის პროფესიონალი პირები ხელმძღვანელობენ, ესენია: ემიგრანტთა უფლებების დაცვის კომისია -  გიორგი წურწუმია; ჯანდაცვის კომისია - ნინო ჭელიძე (ჰოლანდია); სოციალურ -ეკონომიკურ კომისია - თინა გელაშვილი; ემიგრაციის კულტურული მემკვიდრეობის მოძიებისა და დაცვის კომისია - რუსუდან კობახიძე; კულტურისა და განათლების კომისია - თამარ გელოვანი (საქართველო) და ცუცა კაპანაძე ( აშშ); საზოგადოებასთან ურთოერთობის კომისია - გიორგი ფოფხაძე (საფრანგეთი). გარდა ამისა, მუშაობს ორგანიზაციის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მზად არის დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.

ელიზა აბელაშვილი: „იდეა ორგანიზაციის შექმნის შესახებ 7 თვის წინ დაიბადა და პირველი ნაბიჯი სოფიალურ ქსელში შესაბამისი გვერდის შექმნა იყო. აღნიშნულ გვერდზე ძალიან მაღალმა აქტივობამ დაგვარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად საჭირო იყო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ემიგრანტებს გააერთიანებდა და მათ პრობლემებზე აქტიურად იმუშავებდა. ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, ამერიკაშიც, არიან დიასპორული ორგანიზაციები, თუმცა ისინი მხოლოდ კულტურისა და განათლების განხრით მუშაობენ, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა არალეგალი ემიგრანტების დასახმარებლად, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

რაც შეეხება დაფინანსებას -  არ გვინდა ფინანსურად ვინმეზე ვიყოთ დამოკიდებული, ამიტომ  თანხებს საწევროებიდან და სხვადასხვა პროექტებიდან მივიღებთ, რომელშიც ჩავერთვებით. გვინდა უახლოეს მომავალში თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას შევხვდეთ და ვთხოვოთ გამოგვიყონ საოფისე ფართი - მილიონნახევრიანი ემიგრანტებისთვის პატარა ოფისის გამოყოფა, წესით, სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს. იმედი გვაქვს, ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ.

შეიძლება ითქვას ჩვენი პირველი საერთო საქმე უკვე დავტესტეთ კიდევაც - რადგან ჩვენ არ გვინდა სამშობლოსთან კავშირის გაწყვეტა, საგანგებოდ ავირჩიეთ საქართველოში მცხოვრები ქართველი პოეტის საშა გველესიანის შემოქმედება და მისი საოცნებო წიგნი გამოვეცით. აგრეთვე სამომავლოდ საქართველოში მცირე საწარმოების შექმნაც ვგეგმავთ, სადაც ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდებიან - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანები საკუთარ სამშობლოში მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ არსებობს შიშის ფაქტორი, რომ ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება. ზოგადად საზღვრებს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ძალიან გულგატეხილები არიან. ისინი, როგორც წესი, ყველა მთავრობას არჩევნების წინ ახსენდება ხოლმე. დღეს საკმარისია საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრი ოდნავ მაინც, ერთი სიტყვით მოეფეროს მათ, რომ ეს გულგატეხილობაც იმედითა და სიყვარულით შეიცვლება, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება ჩვენი ლოგაც და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალებით შევძლებთ ემიგრანტთა პრობლემების გადაჭრას.

„ელიზა, შენ როდის დაბრუნდები?! " - წუხელ უბედნიერესი წუთები მქონდა, მხვდა უდიდესი პატივი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარსეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმიღო! ორგანიზაცია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" კურთხევა და ამავე საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეობის თხოვნა შევბედე მის უწმინდესობას! ემიგრანტებო, უდიდესი სითბოს და კურთხევას გიგზავნით ერის სულიერი მამა, ერთად დგომას და სამშობლოსთან ხიდის იდეას გვიწონებს და ისევ და ისევ ჩვენი დაბრუნებისთვის მლოცველად რჩება; მე კი თითოულ თქვენგანს გინაწილებთ მისგან წამოღებულ მადლს და გილოცავთ, მისი უწმინდესობის თანხმობას, ბრძანდებოდეს ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე; ჩვენთან არს ღმერთი!“

საქინფორმი „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგას“ ნაყოფიერ მუშაობას და ამ ურთულეს საქმეში წარმატებებს უსურვებს!

მოამზადა ნატა წერეთელმა

Giuli-1 Giuli-2 Giuli-3
Giuli-4 Giuli-5 Giuli-6
Giuli-7 Giuli-8 Giuli-9
Giuli-10 Giuli-11 Giuli-12
Giuli-13 Giuli-14 Giuli-15
Giuli-16 Giuli-17 Giuli-18
Giuli-19 Giuli-20 Giuli-21
Giuli-22 Giuli-23 Giuli-24
Giuli-25 Giuli-26 Giuli-27
Giuli-28 Giuli-29 Giuli-30
Giuli-31 Giuli-32 Giuli-33
Giuli-34 Giuli-35 Giuli-36
Giuli-37 Giuli-38 Giuli-39
Giuli-40 Giuli-41 Giuli-42
Giuli-43 Giuli-44 Giuli-45
Giuli-46 Giuli-47 Giuli-48
Giuli-49 Giuli-50 Giuli-51

Giuli-53 Giuli-54 Giuli-55