სამართალი
შსს მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დაკარგული ან გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტებს, თავი შეიკავონ ამ დოკუმენტით მგზავრობისგან

Interpol-samart-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. განხორციელდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზის (SLTD) განთავსება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში. ბაზაში შეტანილია საქართველოს მოქალაქეების მიერ დაკარგული პასპორტების მონაცემებიც. ზემოაღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ, ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაკარგული/გაუქმებული პასპორტით კვეთის არაერთ მცდელობას, რაც აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტები ჩამოერთვათ მფლობელებს, ხოლო მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნდათ სხვა სამგზავრო დოკუმენტი, უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე.

მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზა ფუნქციონირებს ინტერპოლის წევრი თითქმის ყველა ქვეყნის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში. შესაბამისად, აღნიშნული ხასიათის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება შეექმნათ უცხო ქვეყნის საზღვრის კვეთის დროსაც.