რედაქტორისგან
ფქვილის პრინცესის ვნებანი

burjanadzმამამისი მთელი საქართველოსთვის ფქვავდა ფქვილს, თანაც, უმაღლესი ხარისხისას კი არა, დოკუმენტებში რომ იყო მითითებული... ანდა, რა მნიშვნელობა აქვს, რა ხარისხის ფქვილი იქნებოდა ტომრებში?! მთავარია, რომ ამ ფქვილის ტომრებზე გადიოდა პროვინციელი გოგონას გზა ქართულ პოლიტიკურ ოლიმპზე, რის გამოც ხალხმა მას ფქვილის პრინცესა შეარქვა.

თავიდან ყველაფერი გაცილებით იოლი იყო: მამა ანზორი, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტი, თავის პურკომბინატებში - ფქვილს,  ქალიშვილი ნინუცა კი თავის თანაპარტიელებთან ერთად („მოქალაქეთა კავშირიდან“, რომელსაც ხალხმა შემდეგ „მოქაქეთა კავშირი“ შეარქვა) ტყუილებს „ფქვავდა“.
ფქვილის პრინცესის ვნებანი მოგვიანებით დაიწყო: წესიერად მოიქცეს და ბაბუსთან (როგორც ხალხში შევარდნაძეს ეძახიან) დარჩეს თუ მიშასთან წავიდეს??? - დილემაც ასეთი უნდა! ერთის მხრივ – ჟანრის ტრადიციები: ოჯახი, ნათლიმამა და სხვ., მეორეს მხრივ – მაცდური პერსპექტივა: ჟვანიას „საძაგელი ბატის ჭუკიდან“, ბოლოს და ბოლოს, „ვარდების რევოლუციის“ თეთრ, მამამისის ფქვილივით ქათქათა, გედად გადაიქცეს...
ფქვილის პრინცესის „სამშობიარო შეტევები“ იღბლიანად დასრულდა – 2003 წლის 23 ნოემბერს „თეთრმა გედმა“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოახდინა სპიკირება და დროებით პურის არისტოკრატიის უავგუსტესი ამბიციები დაკმაყოფილდა.
შემდეგ კი კვლავ დაიწყო ვნებანი: დარჩეს წყნეთის „ოქროს გალიაში“ (მშვენიერ ქალაქგარე ვილაში, რომელიც სააკაშვილმა 1 ლარად აჩუქა!) თუ... დიახ, მიმიხვდით, ამ ქვეყანაზე, ამერიკული ოცნების გარდა, ქართულიც არსებობს: საქართველოში ყველას არტახებიდან სურს პრეზიდენტობა! გამონაკლისი არც ანზორის ქალიშვილია, რომელმაც ორჯერ მოასწრო მიშას სავარძელში ჩაჯდომა და მისი სასიამოვნო „სითბოს“ შეგრძნობა.
დასრულდება თუ არა ფქვილის პრინცესის „სამშობიარო შეტევები“ 2010 წლის 25 ნოემბერს ისევე ირბლიანად, როგორც ეს 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა? თუ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ნამდვილი შეტევები დაიწყება – შეუძღვება თუ არა ფქვილის პრინცესა ხალხს პარლამენტის შენობაში და ეწამება თუ არა მის გამო? მშიერი ხალხისთვის ხომ სულერთია ფქვილიც და გრეჩიხაც – მას, უბრალოდ, შია! ანზორის ასულს ჩინებულად ესმის – უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ეგებ, ამიტომაც შიშობს თავისი უმცროსი ვაჟის – რეზიკოს გამო, რომელიც, როგორც ამბობენ, დროებით საზღვარგარეთ გაგზავნა...
ამისა და კიდევ სხვა მრავალი საკითხის შესახებ საქინფორმს ქალბატონ ბურჯანაძესთან პირადად სურდა საუბარი, მაგრამ იგი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ჩვენი ჟურნალისტები უარით გამოისტუმრა. როგორც ჩანს, მას მიზნები კი აქვს ახალი, მაგრამ ამბიციები ძველი დარჩა... წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ნინოს ქართული ოცნება ფრთებს შეისხამს და მართლაც პრეზიდენტი გახდება?!

 

P. S. „როგორც ბრმა იტყოდა, ვნახოთ“. 25 ნოემბრამდე ორი დღე დარჩა. დღეს კი გიორგობის დღესასწაულია – დიდმოწამის, საქართველოს მფარველი წმიდა გიორგის ხსენება, რომელიც ამ დღეს ურმის თვალზე ევნო თავისი მრწამსისთვის!