პუბლიკაციები
„კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ თბილისში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩაატარა

polit-2-anal-1-mtსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექსპერტებმა - მეცნიერებმა, ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, დიპლომატებმა, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და ეთნიკური დიასპორების ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, პუბლიცისტებმა და ჟურნალისტებმა. გამომსვლელები დანარჩენი მონაწილეებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე კონფერენციის ზემოხსენებული თემისადმი მიძღვნილი მოხსენებებით წარდგნენ:

 1. ელიზბარ ჯაველიძე - აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე;

2. ვალერი კვარაცხელია - ანალიტიკოსი;

3. ნანა დევდარიანი - გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;

4. თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე;

5. არნო ხიდირბეგიშვილი - საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” დირექტორი და მთავარი რედაქტორი:

6. ჰამლეტ ჭიპაშვილი - ექსპერტი, პოლიტოლოგი;

7. ვალერიან დოლიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

8. ვასილ ჭიჭინაძე - დიპლომატი;

9. ალი ბაბაევი - საქართველოს აზერბაიჯანელთა  ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე;

10. იური მეჩითოვი - ნოოლოგიის ცენტრის ექსპერტი;

11. ვიქტორ ცაავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი;

12. ვანო წიკლაური - მემარცხენე ძალთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტოლოგი;

13. ირაკლი უბილავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი;

14. გრიგოლ ონიანი - საზოგადოება „სტალინის“ ხელმძღვანელი;

15. ზვიად ირემაძე - ანტიგლობალისტური ცენტრი „ივერიელები“;

16. სერგო მირზოიანი - დიდი სამამულო ომის ვეტერანი;

17. შოთა ბუაძე - დიდი სამამულო ომის ვეტერანი;

18გულბაათ რცხილაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი.

 კონფერენცია მიჰყავდა ღონისძიების მთავარ ორგანიზატორს - არსამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელ ტარიელ გაგნიძეს, რომელმაც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ეძღვნება მოვლენებს, რომლებიც ხდებოდა და ახლაც გრძელდება უკრაინაში. ჩენ გვინდა შესაძლო პარალელები გავავლოთ იმ მოვლენებსა და ტენდენციებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც ამჟამად გამოიკვეთა. გვინდა ვიმსჯელოთ, რეალურია თუ არა ჩვენს ქვეყნებში კიევის მაიდანის გამეორების პერსპექტივა. პირველი შემაშფოთებელი ნიშნები აშკარად იკვეთება, მაგალითად, საქართველოში. ესენია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება, სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს ყველა პროატლანტიკურ, პროდემოკრატიულ, ერთი სიტყვით, პროამერიკულ ძალებს საქართველოში.

თუ გახსოვთ, კიევში ასევე ყველაფერი ანალოგიური განცხადებებით დაიწყო, შემდეგ კი ამას გამოსვლები მოჰყვა... საყოველთაოდ ცნობილია, რომ საპროტესტო აქციების ამგვარი ორგანიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების ტექნოლოგია და არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არ თაკილობენ არაფერს ე. წ. მომიტინგეები და მათი ორგანიზატორები და პირდაპირ ძალადობაზე გადადიან. ჩვენ, ქართველებმა, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ყველა ამგვარი „სიკეთე“! ღმერთმა არ ქნას, რომ მაიდანი ჩვენს ქვეყნებშიც განმეორდეს, ჩვენ კარგად ვიცით, თუ სადამდე შეუძლია ამას მიგვიყვანოს“.

 აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, მსოფლიოში ომი გრძელდება, რომელიც უკვე იარაღის ჟღარუნზე გადავიდა - ისრაელი და პალესტინა, ერაყი და ამერიკა, უკრაინა, სადაც ფაქტობრივად ერთმანეთს ორი უდიდესი სახელმწიფო - ამერიკა და რუსეთი დაუპირისპირდა. დღეს ხშირად ამბობენ, რომ თითქოს უკრაინის კონფლიქტის ინიციატორი არის რუსეთი - ძალიან ბეცი და ტვინგამორეცხილი უნდა იყო, რომ ასე იფიქრო - რუსეთს არანაირად არ სჭირდებოდა მის მეზობლად ამ ვითარების შექმნა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კონფლიქტის სულისჩამდგმელი და ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის უმთავრესი მიზანიც გახლავთ პლანეტარული იმპერიის შექმნა. ყველა ფერადი რევოლუცია, რომელიც ევროპაში განხორციელდა, მათ შორის, 2004 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ საქართელოში და უკრაინული მაიდანი, სწორედ ამერიკის მიერ იყო წამოწყებული. უკრაინაში ვითარებას დღემდე „თეთრი სახლი“ აკონტროლებს. ამერიკას სურს, რუსეთის ტერიტორიას რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეს ნატოს ჯარებით, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას ჰგავს, რადგან ცნობილია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას არ მოითმენს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკელი ჩინოვნიკების ბოლო განცხადებებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი „მწვანე შუქს“ უნთებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვს და მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი მათ ღირსეულ პასუხს გასცემს”.

 ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატები პოსტსაბჭოთა სივრცეში რჩება, ყოველთვის მოსალოდნელია დესტაბილიზაცია: „რა თქმა უნდა სანამ აშშ კავკასიის რეგიონშია, ადვილად შესაძლებელია ისეთი სიბინძურეების  განხორციელება, როგორიც იყო ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და ათასი სხვა უბედურება, რომელიც ამერიკული რეჟიმის დასამყარებლად იყო გამოგონილი. დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს რისკები არსებობს - შეერთებული შტატები ვერაფრით შეელია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის მთავრობაც ასევე პროდასავლურია, მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ, მათ მიმართ ამერიკელების ნდობა მაინც არ არის იმ ხარისხის, როგორიც ეს იყო სააკაშვილის მთავრობის მიმართ. რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყოფილი მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა იყო დაფიქსირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მათთვის ხელსაყრელ ვითარებაში, აშშ შეეცდება საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს მისთვის ხელსაყრელი ძალა, რომელიც პირწმინდად ყიდის ქვეყნის ინტერესებს და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. სამწუხაროდ, ამ ვითარების განეიტრალება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ორი რამის გამო, პირველი, ეს არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან უსუსური ხელისუფლება, რომელიც მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და აღებულ პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევს და მეორე, ეს პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს, იმდენად უნიათოდ მოქმედებს, რომ შედეგს ვერ გამოიღებს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მარტივად შეიძლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლქიტის პროვოცირება და სამივე ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, ცეცხლში გაეხვევა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ მოსალოდნელი მოვლენების თავიდან აცილებაა”.

 ნანა დევდარიანი: “საქართველო კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ეს ნაციონალების მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციაა - 1997 წელს ამერიკელი პოლიტოლოგი ბზეჟინსკი წერდა, რომ აშშ-ს სურს კავკასიაში ისეთივე „სტაბილურობის დამყარება“, როგორც ეს გააკეთეს ბალკანეთში. ეს „სტაბილურობა“ გამოიხატა იმაში, რომ დაიშალა იუგოსლავია და სერბეთს წაართვეს კოსოვო, რასაც აღიარება მოჰყვა. მოგვიანებით სხვა ნაშრომში იგი წერდა, რომ არსებობს ევრაზიის ბალკანეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის გავლენისთვის. ეს ევრაზიის ბალკანეთი შეიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს და ავღანეთს. მათი სურვილია ამ რეგიონში სახელმწიფოების დაშლა - ბალკანიზაცია. აშშ-ს ევრაზიაში არ სურს, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ძველის მსგავსად, ისევ ნატოს და ევროკავშირს გაიძახის - ჩვენ ვნახეთ თუ რა ხეირი მიიღო ევროკავშირისგან უკრაინამ, რომელიც დაშლის ზღვარზეა, ეს მაგალითი თვალწინ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და დაიწყოს ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები რუსეთთან”.

როგორც თამარ კიკნაძემ აღნიშნა, უკრაინასა და საქართველოში არსებული ვითარება, მართალია, ერთმანეთისაგან უამრავი ფაქტორით განსხვავდება, მაგრამ მეხუთე კოლონის ელემენტები ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მრავლად არის - „დღეს ძალიან სახიფათო საერთაშორისო ვითარებაა - ბოლო რამდენიმე თვე ვნახეთ რა შედეგიც გამოიღო ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირებამ უკრაინაში და ასევე ძალიან საყურადღებოა ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს მუსლიმანურ სამყაროში. ადვილად შესაძლებელია ერაყის ისლამისტური ძალების მოქმედებებმა გარკვეული დესტაბილიზაცია შექმნას კავკასიაში. პარადოქსულია, რომ დღეს ირანის, სირიის და დასავლეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯები უნდა გადადგას. ღარიბაშვილის მთავრობა, შეიძლება ითქვას, ფრთხილობს კიდევაც, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენს, მუდმივად ცდილობს გარკვეული არეულობის შემოტანას, რასაც ახერხებს კიდეც პერიოდულად. იმ საერთაშორისო ვითარების პირობებში, რაც დღეს არის, შიდა კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოებრიობა დაზარალდება.“ -  განაცხადა ქალბატონმა თამარ კიკნაძემ.

თავის გამოსვლაში არნო ხიდირბეგიშვილმა აღნიშნა, რომ “საქართველოში მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება - ახალი „ფერადი რევოლუცია“ მოქმედი მთავრობისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის მიზნით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მალული ტანდემის მიერ ანდა ახალი კოალიციით, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრით, ირაკლი ალასანიათი სათავეში. მიზეზი ერთია: დღეს აშშ-სთვის საკმარისი არ არის, რომ საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსი პროამერიკული იყოს, დღეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ანტირუსულიც უნდა იყოს! საქართველომ თავის ტერიტორიაზე უნდა განათავსოს აშშ-ის სამხედრო ბაზები და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საქართველო დღეს უნდა ეომოს რუსეთს და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებში ჩაერთოს. ამ მიზნებისთვის კი პრემიერი ღარიბაშვილი შეუფერებელია, როგორც 2003 წელს შეუფერებელი გამოდგა ზომიერად პროამერიკელი შევარდნაძე, როგორც „უცებ“ შეუფერებელი გამოდგნენ ამერიკის მიერ ხელდასხმულები - ჰუსეინი, კადაფი, მუბარაქი, ასადი და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ლიდერები, რომლებშიც დაგვიანებით, და აშშ-სთვის ასე უადგილოდ, გაიღვიძა ჯანსაღმა პრაგმატიზმმა. 

საქართველოში მორიგი კატაკლიზმების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსის შეცვლით: ერთხელ და სამუდამოდ აშშ-ს კურატორობაზე უარის თქმით! ამისათვის აუცილებელია საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საკითხზე და ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დენონსირება. აგრეთვე, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერება - იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უპირობოდ მისცემს ხმას ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგ.

ასევე აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, რის შემდეგაც ქართველი ხალხის მიერ რეალურად არჩეული პარლამენტი თვითონ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. ამისათვის აუცილებელია სასწრაფოდ შევიდეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და ის საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. შედეგად, საქართველოში დასრულდება დაპირისპირება საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის და, ბოლოს და ბოლოს, დამყარდება მმართველობის საპარლამენტო ფორმა, რომელიც ნებისმიერ დიქტატურას გამორიცხავს.

და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი პარალმენტისა და პრეზიდენტის პირო