უცხოეთი
მილიონერი თემურ ქარჩავა სომხეთში თბოელექტროსადგურს ააშენებს, საიდანაც ელექტროენერგიას საქართველო შეიძენს - $ 600 მლნ ინვესტიცია

zar-1karCava-mainსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. განათლების ყოფილი მინისტრი და გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ალექსანდრე (კახა) ლომაია სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ სომხეთში ქართული კომპანია 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს თბოელექტროსადგურის ასაშენებლად. კახა ლომაია წერს, რომ თბოელექტროსადგური რუსულ ბუნებრივ აირზე იმუსავებს, ხოლო მისგან წარმოებულ ელექტროენერგიას საქართველო შეისყიდის, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

"ეს ამბავი პირველმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმაურა! საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით (ეტა რას!), აქამდე უცნობი, ოფშორში რეგისტრირებული ქართული კომპანია (ეტა დვა!) ინვეტსიციას აკეთებს სომხეთის ენერგეტიკაში (ეტა ტრი!) 600 მილიონ დოლარის ოდენობით (ეტა ჩიტირე!), იმისთვის, რომ (ყურადღებით!) შემდგომში საქართველომ სომხეთისგან ელექტროენერგია შეიძინოს (ეტა პიატ!).

სომხური თბოელექტროსადგური პოლიტიკური ფასის მქონე რუსულ გაზზე იმუშავებს, ანუ გაზზე დაბალი ფასი ნაყიდია სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლით. რომ შევაჯამოთ: ჩვენი სტრატეგია იყო ენერგოდამოუკიდებლობა, ანუ საკუთარი ჰიდრორესურსებისა და ტრანზიტის გამოყენებით, ქვეყნის სრული დაკმაყოფილება საკუთარი ენერგიით და მისი ექსპორტი მეზობელ სახელმწიოფებში. ამ ახალი პროექტის წყალობით, საკუთარ ფულს გადავიხდით სომხეთსა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესაძენად!, - წერს კახა ლომაია.

შეგახსენებთ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 აგვისტოს ქართული და სომხური მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია "Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding" 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთში 600 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას ჩადებს. შესაბამის შეთანხმებას სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კომპანიამ ხელი უკვე მოაწერა.

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს. ქარჩავა ზუგდიდელი ბიზნესმენია, რომელიც წლებია, მოსკოვში საქმიანობს. მას რუსეთის ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირად იცნობენ. თბოელექტროსადგურის მშენებლობას სომხეთში შექმნილი "ანაკლია ენერჯი" უზრუნველყოფს, რომელსაც სომხური მხარე პირველი ხუთი წლის განმავლობაში გადასახადებისგან ათავისუფლებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, წელიწადში დაახლოებით 4 მლრდ კვტ/სთ - საქართველოში იქნება ექსპორტირებული.

თემურ ქარჩავა ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკისა და პორტის ასპროცენტიანი წილის  მფლობელია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც, ძირითადად, რუსეთში დააგროვა, 200 მილიონ დოლარს აჭარბებს. "ჩემი ქონება კგბ"-მაც კი ვერ დათვალა", - განაცხადა მან 2014 წლის ივნისში, ტვ "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც ასევე, აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. ბიზნესმენის გეგმის მიხედვით, იქ პორტი და ტყუპი შენობები (ორმოცდაოთხ სართულიანი ბიზნესცენტრი), ასევე სასტუმრო უნდა აშენდეს.

მე მაქვს შექმნილი ჰოლდინგი. ჰოლდინგის წევრები არიან უდიდესი კომპანიები, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ ინვესტიციის უნარი და აქვთ ამისთვის საჭირო ფინანსები. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რეალურად ჩვენი ჯგუფი ამას მოახერხებს და დაფინანსება მოხდება ექვს მილიარდ დოლარამდე,“ – ამბობს ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი ,,კონტი ჯგუფიც’’, რომლის წარმომადგენლები საქართველოში უკვე არაერთხელ იმყოფებოდნენ და პორტის განვითარების საკუთარი ხედვაც უკვე წარადგინეს. ეკონომიკის სამინისტრო პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

რაც შეეხება სომხეთში თბოელექტროსადგურის აშენების პროექტს, მისი ოფიციალურად გაცხადებული მიზანია ანაკლიის პორტის მშენებლობის განმავლობაში მისი უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. ქარჩავა ამბობს, რომ ვანაძორში თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული თანხა, ფაქტობრივად, პირველი ინვესტიციაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაიდო.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ სომხური მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართულ კომპანიას აირის მიწოდების გარანტიისა და საგადასახადო შეღავათების კუთხით, ასევე აუცილებელი მიწის ნაკვეთების შესყიდვასა და ელექტროენერგიის ექსპორტის ნებართვის მიმართულებით. მედიაგამოცემებს მოჰყავთ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგურის აშენებას, მინიმუმ, სამი წელი დასჭირდება.