პუბლიკაციები
ჟამი ქვათა შეგროვებისა...

qvebis-zhamiავანთოთ სანთელი, ავწიოთ სასმისი სულის მოსახსენიებლად ქართველთა და აფხაზთა, ვინც საიმქვეყნოდ გასწირა ქართველთა და აფხაზთა ძმათამკვლელობის ქარიშხალმა. გავიხსენოთ ყოველივე და... შევუნდოთ. და გავუწოდოთ ხელი შესარიგებლად. იქნებ, მართლაც დადგა დრო სასურველი – შერიგების ჟამი?
ჩვენ შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საამისო სიტუაცია მართლაც მომწიფდა. უმეტესად, აფხაზეთის მკვიდრნი არიან ისინი, ვისაც მზიან მხარეში დარჩათ არა მარტო სახლები და ნათესავთა საფლავები, არამედ – ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ვისთანაც ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ ყოველთვის. დაუჯერებელია, მაგრამ ბევრი მათგანი ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას დღესაც ახერხებს.

ამიტომ ყურმოკვრით კი არა, პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციით იციან, თუ რას ფიქრობენ, რა აწუხებთ, რისი იმედი აქვთ აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
წამქეზებელთა ბოროტი ნებითა და სურვილით ჩატეხილი ხიდების აგება, უპრიანია, დაიწყონ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებმა, ვისაც თანაცხოვრების წლები აკავშირებდა იმათთან, ვისთანაც გაჰყარა ვერაგმა ბედმა და ენგურის სხვადასხვა ნაპირზე მიუჩინა სამყოფელი. ასეთი ადამიანები კავკასიაში ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ხოლო მათი აზრი ცხოვრების სხვადასხვა ბედისმიერ კოლიზიებთან დაკავშირებით მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებად მიიჩნეოდა, გონივრულ რეკომენდაციად და მოქმედების სახელმძღვანელოდაც.
ასეთი იყო არგუმენტების ლოგიკა, რომელმაც შვა საქართველოს უხუცესთა საბჭო. მის ჩამოყალიბებას წინ უსწრებდა "შერიგებისა და აღორძინების ფონდის" შექმნა, რომელთანაც ეს საბჭო არსებობს.
უხუცესთა ორგანიზაციაში შევიდნენ საქართველოსა და აფხაზეთში კარგად ცნობილი პიროვნებები. ხელმძღვანელად არჩეულია კონსტანტინე მარშავა, აფხაზეთის ენერგოქსელის ყოფილი მმართველი და ენგურის ჰიდროელსადგურის მშენებლობის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე. მასთან ერთად საბჭოს ბირთვი შექმნეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ გვეტაძემ, თადარიგის პოლკოვნიკმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარემ მამანტი ჯოლიამ, აკადემიკოსმა-ნეიროქირურგმა ნაპოლეონ მესხიამ, კარდიოლოგიის ცენტრის უფროსმა, აკადემიკოსმა ნოდარ ემუხვარმა, პროფესორმა ოთარ ვახანიამ, მწერალმა მირიან ჯალაღონიამ და ქვეყნის სხვა ცნობილმა ადამიანებმა.
თქვენი კორესპონდენტი დაესწრო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთ სხდომას, რომელიც ახლახან გაიმართა. განიხილეს და მიიღეს სპეციალური "მიმართვა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი", რომელიც პირველი სერიოზული ნაბიჯია მხარეთა ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე.

 

 

მიმართვა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი

ძვირფასო მეგობრებო, ძმებო!
მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ცხოვრებისეული სიბრძნით აღჭურვილ ადამიანთა შორის გულახდილი დიალოგის გამართვის რწმენამ გვიკარნახა, გამოგვეგზავნა თქვენთვის ეს მიმართვა.
მიგვაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, შევიმუშაოთ მოქმედების გონივრული პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების ურთიერთნდობის აღდგენასა და შერიგებას, ტრადიციულ ღირებულებათა აღორძინებას, რაც ახასიათებდა ქართველთა და აფხაზთა ერთობლივად ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ომის პოლიტიკამ ქართველები და აფხაზები საერთო ტრაგედიამდე მიგვიყვანა, გამოიწვია ათასობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი. ერთი რამაა ნათელი - ჩვენი ხალხების ინტერესებს არ უპასუხებს მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების დაპირისპირების დრამატულმა რეალობა, მათ შორის პრაქტიკულად ყველა კავშირია გაწყვეტილი, გაპარტახებულია ქალაქები და სოფლები.
კონფორტაციის გაგრძელებას, სიძულვილს სარგებლობა არავისთვის მოუტანია, მათ შორის, - არც აფხაზებისა და ქართველებისთვის. აუცილებელია, ვიპოვოთ ჩიხიდან გამოსვლის რეალური გზები.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვაღიაროთ ჩვენი წილი იმ დანაშაულისა, რომელიც 1992-1993 წლებში მოხდა აფხაზეთში.
შეიძლება, დაუსრულებლად ვუსაყვედუროთ ერთმანეთს დაშვებული შეცდომების გამო. მაგრამ განა უმჯობესი არ არის, რომ გავიცხოველოთ ხსოვნა ჩვენი ძმური ურთიერთობის ისტორიით, რისი მაგალითებიც უამრავია. ჩვენ იმედითა და ოპტიმიზმით შევცქერით მომავალს. ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიმართვა და ჩვენი ხელი, რომელსაც შერიგებისთვის და მეგობრობის აღსადგენად გამოგიწოდეთ, უპასუხოდ არ დარჩება.
გთავაზობთ, შევხვდეთ ერთმანეთს შუამავლების გარეშე და ერთად ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ როგორ აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობა და ერთობლივი მშვიდობიანი ცხოვრება.
ჩვენი ხალხები აქეთკენ უნდა წავიდნენ, ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის ნებისმიერ მოწინააღმდეგეთა სურვილის მიუხედავად.
სიტყვა თქვენზეა. გულწრფელად გვჯერა, რომ გაგვიგებთ და გამოგვეხმაურებით.

პატივისცემით,

საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე

კონსტანტინე მარშავა

 

გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძესთან კერძო საუბრით ბევრი რამ გავიგე საინტერესო. მაგალითად ის, რომ აფხაზები ისე ერთგულებენ მეგობრობას, ტრადიციებს, ნათესაურ კავშირებს, როგორიც ბევრ სხვას არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი ურთიერთგაგების იმედს იძლევა.
– ჩვენი მიმართვა, – მითხრა ბატონმა გურამმა, – სხვა არაფერია თუ არა პატიოსანი და პირდაპირი საუბრისთვის მიწვევა. დაუშვებელია, რომ ურთიერთისადმი მტრული დამოკიდებულება, გაბოროტება მომდევნო თაობების გენეტიკურ მეხსიერებაში გადავიდეს. დაუშვებელია, რომ ახალგაზრდები – აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მიმართ ზიზღით განიმსჭვალონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე ვითარების გამოსწორება კიდევ შეიძლება. ამის უფლებას მაძლევს შემდეგი ფაქტები: ცნობილ ექიმს – ნაპოლეონ მესხიას, რომელიც ამჟამად ზუგდიდში მუშაობს, დახმარებისთვის მიმართავენ ქართველი ლტოლვილები, არამედ აფხაზებიც, რომელიც ფარულად გადმოდიან ენგურზე.
ძნელია დაჯერება, მაგრამ ცნობილი გახდა, აფხაზები სოხუმში იქ დარჩენილ ქართველებს ელაპარაკებიან არც ინგლისურად, არც რუსულად, არამედ ქართულად, რასაც საბჭოთა პერიოდშიც კი გაურბოდნენ.
– მითხარით, ბატონო გურამ, თუ აქვს თქვენს საბჭოს "განზრახულობათა ოქმი" ან, ვთქვათ "სავარაუდო მოქმედების გეგმა"?
– რა თქმა უნდა, ამით დავიწყეთ საქმიანობა. ჩვენი უპირველესი ამოცანების ჩამონათვალში ჩაწერილი ქართველ და აფხაზ უხუცესთა შეხვედრები. განვიხილავთ ყველაზე უფრო მწვავე და აქტუალურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება შერიგების პროცესთან. განხილვების ეფექტიანობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად გულახდილ და პატიოსან პასუხებს გავცემთ არსებულ პრობლემებს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის.
"ნდობის აღდგენისა და შერიგების ფონდს", რომელთანაც ჩვენი უხუცესთა საბჭოა შექმნილი, განზრახული აქვს, რამდენადაც ამის საშუალება იქნება, ენგურის ხიდის ორივე მხარეს აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავი მონუმენტები აღმართოს. მონუმენტებზე, ჩვენი აზრით, ერთი და იგივე წარწერა უნდა გაკეთდეს: "მოტყუებულ ძმებს, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ", თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტებიც იყოს.
სარეალიზაციოდ გამზადებული გვაქვს ფრიად საინტერესო ეკონომიკური პროექტიც: ენგურის ძველი კალაპოტის გაყოლებით თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა გვაქვს ჩაფიქრებული. აქვე განვითარდება ტურიზმის ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს როგორც ჩვენს ლტოლვილებს, ასევე აფხაზი მოსახლეობის ნაწილს, განახორციელონ ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პროექტები.
უხუცესები იმედოვნებენ, რომ მათი მიმართვა აფხაზი უხუცესებისადმი, რომელთაც სათავეში უდგას კონსტანტინე ოზგანი, სათანადოდ იქნება აღქმული, ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის ნდობის აღდგენას და საფუძველს შეუქმნის ურთიერთპატიებასა და შერიგებას. ძნელია, არ დაეთანხმო მათ – ისტორიას ჩვენთვის სხვა გზა არ მოუცია. ქვების სროლის დრო, მადლობა ღმერთს, დასრულდა. დადგა ჟამი მათი შერიგებისა.

გივი ბაქრაძე, სპეციალურად „საქინფორმისთვის“