საზოგადოება
სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესახებ დევნილებს ინფორმაცია არ გააჩნიათ

devnilebiXსაქართველოს შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება ’’სინერგას’’ (წარმომადგენელი ნონა უბილავა) ძალისხმევით ზუგდიდში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის რეალიზაციის პროცესში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს როლის შესახებ დამსწრეთ ამცნო საკრებულოს წარმომადგენელმა ლევან მაქაცარიამ: ’’ჩვენ შემუშავებული გვაქვს საკრებულოს სამუშაო ვერსია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დევნილთა მიმართ 2010-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელება 2013-2014 წლებამდე გადაიწევს. პირველი ეტაპია კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და სიმბოლურ ფასად მათი დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მაგრამ დევნილებს არ დაუკანონდებათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, ამიტომაც რაოდენ საწყენიც უნდა იყოს, მათ სხვაგან მოუწევთ გადასვლა’’. არადა, დევნილები იქ დატოვებას ითხოვენ, სადაც, უკვე 18 წელია, ცხოვრობენ. ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთათვის დაკეტილია, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესახებ დევნილებს ინფორმაცია არ გააჩნიათ.