ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ. ბაზა „ფენიქსი“ ფუნქციონირებას წყვეტს
საქართველო, 18 აგვისტო,
საქინფორმი. 1 ქვეითი ბრიგადის
13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მიერ
ISAF-ის ოპერაციის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 13-ე ბატალიონის სამხედროებმა ბაზა
"ფენიქსზე" საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
ოცეულის სერჟანტმა
გიორგი ტაბლიაშვილმა დროშა ავღანეთში უფროს სამხედრო წარმომადგენელს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს გადასცა. საზეიმო ცერემონიალს ბაზა „ფენიქსზე“ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც დაესწრო.
პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული სამშვიდობო მისიას 5 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ამერიკული ბაზა "ფენიქსის" დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
დროშის დაშვების ცერემონიალის დასასრულს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მედალი გადაეცათ. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ჯგუფის უფროსმა ვიცეპოლკოვნიკმა ალექს მაკლემურმა კი ქართველ ჯარისკაცებს ჯორჯიის შტატის მედლები გადასცა.