საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტაბმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
ლიდერებმა ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ 2008 წლის გაგრძელებაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემას, ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება.