ქართული ოპოზიციისა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რიგითი მოქალაქეები 25 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ
საქინფორმმა უკვე შემოგთავაზათ ოპოზიციისა და ხელოვანების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანების აზრი 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით. ამჯერად იგივე შეკითხვით რიგით მოქალაქეებს მივმართეთ: ,, თუ აპირებთ 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გასვლას?’’
ნინა ყარაბუღაშვილი, 76 წლის, ეკონომისტი:
- მე აუცილებლად წავალ აქციაზე. ზუსტად ჩემისთანები უნდა წავიდნენ აქციაზე, ისედაც მცირე დაფინანსება გვქონდა ვაუჩერის სახით და ისიც მოგვიხსნეს. წამალი უნდა მეყიდა გუშინ და აღარ მომცეს. ასე ყოფნა გაუსაძლისია. ექნება თუ არა რამე შედეგი, არ ვიცი, თუ ოპოზიცია მოიწადინებს, შედეგს მივაღწევთ.
მარი მაისურაძე, 24 წლის, ქორეოგრაფი:
- თუკი ეს აქცია მიშას წინააღმდეგ იქნება მიმართული, თანახმა ვარ. უბრალოდ, მე პატარა შვილები მყავს და გასვლას, ალბათ, ვერ მოვახერხებ. მოუცლელობაა მხოლოდ ამის მიზეზი. დილიდან საღამომდე მეორეადი ტანსაცმლის გამყიდველად ვმუშაობ. 24 წლის ვარ და ამ სინესტეში ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე ვშოულობ ლუკმაპურის ფულს. როდესაც ყველა ტაშს უკრავდა მიხეილ სააკაშვილს, მაშინ მან გაიმარჯვა. ასე რომ, მთავარი მაინც ერთად დგომაა,მაშინ ვერავინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას, ოპოზიციაც და ხალხიც ერთად უნდა დადგეს.
თინა ჩხეტიანი, 55 წლის,პედაგოგი:
- არ ვართ ჩამორჩენილები პოლიტიკურ მოვლენებს და გვაქვს ინფორმაცია, რომ 25 ნოემბერს იმართება აქცია პარლამენტთან. აუცილებლად გავალ აქციაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა. მე მაინც ხალხის იმედი მაქვს და არ მჯერა იმის, რომ ოპოზიცია მოახერხებს რამეს. ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.
იური ბობოხიძე, 46 წლის, აგრონომი:
- რა თქმა უნდა, აქციაზე გავალთ, იმიტომ, რომ გვინდა შეიცვალოს ცხოვრების წესი საქართველოში. გვინდა ნორმალური სამუშაო, ნორმალური ანაზღაურებით. 46 წლის კაცი ვარ და უკვე აღარავის არაფეში ვჭირდები. ჩამომწერეს.
დიმა ბასილაია, 28 წლის, მასაჟისტი:
- არ ვაპირებ 25 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე გასვლას და არც მაინტერესებს.
გელა თამაზაშვილი, 63 წლის, ინჟინერი:
- ინფორმაცია გვაქვს, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრება იმართება, მივდივარ მეც და ჩემი მეგობრებიც. იმედი რომ არ გვქონდეს იმისა, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, ნამდვილად არ წავიდოდით.
ნინო დიასამიძე, 35 წლის, სტომატოლოგი:
- აუცილებლად წავალ აქციაზე, რომელიც მგონია, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. დაინახოს მთავრობამ, თუ რამდენი ხალხი ჰყავს მოწინააღმდეგე საკუთარ ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ, ვინც არ წავა აქციაზე, ის ღირსიც იქნება ისეთ პირობებში ცხოვრების, როგორშიც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო.
თამუნა ნანობაშვილი, 20 წლის,სტუდენტი:
- მე არ წავალ აქციაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის მიტინგები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების არ მჯერა, არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების.
ნათელა კოჭლამაზაშვილი, 59 წლის, მოვაჭრე:
- გავალ აქციაზე, აბა, რას ვიზამ. თუ ჩვენ არ გავედით, დარჩება ყველაფერი ისევ ისე, როგორც იყო. მარტო ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, სტუდენტობაც აქტიურად უნდა გამოვიდეს. ახალგაზრდობას მარტო მუსიკა და კომპიუტერი აინტერესებს. ეს სააკაშვილიც კიდევ გვატენის ამ კომპიუტერს და სულ დააჩლუნგა ახალგაზდობა.
ოთარი კობახიძე, 58 წლის, მძღოლი:
- იმედი არ მაქვს, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ აქციაზე 25 ნოემბერს მაინც გავალ.