რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ირაკლი ღარიბაშვილზე თავდასხმა და ავლაბრის რეზიდენციის საიდუმლო, „ლაგუნა ვერე“ და ქურდბაცაცა სააკაშვილი, რომელმაც საათი მოიპარა“

1pol-1-red-1-tainaირაკლი ღარიბაშვილზე სააკაშვილის დასავლელი მეგობრების თავდასხმის შესახებ
გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან – ეშტონმა და ფულემ, ამერიკელმა სენატორებმა მაკკეინმა, კარდიანმა, შახინმა, რუბიომ და რიშმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უნგრეთის პრემიერმა ორბანმა, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა საირუშ–ვოლსკიმ, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბილდტმა, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში დმიტროვმა, მსოფლიო პრესის გიგანტებმა "ვაშინგტონ პოსტმა" და "უოლტ სტრიტ ჟურნალმა".
ნუთუ ეს ბატონები ღიად ერევიან საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ბრალს სდებენ მის მთავრობას ევროპული არჩევანის ღალატში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოქალაქე სააკაშვილის მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის დანაშაულობათა გამოძიება დაიწყო?
არა და არა! სააკაშვილი მათ ფეხებზე ჰკიდიათ, ხოლო აღშფოთებული ტონი ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობაზე მხოლოდ და მხოლოდ ფანდია, რომლის საშუალებითაც უნდა აიძულონ საქართველო, შეუერთდეს ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება მოხდეს. აი მაშინ ზემოდ ჩამოთვლილი პერსონები ნამდვილად დაიჯერებენ, რომ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის შიდაქართული ვენდეტა და მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი სამართლის აღსრულებას ემსახურება!

 ავლაბრის რეზიდენციიდან აშშ საელჩოს ყოფილ შენობაში მარგველაშვილის გადაუსვლელობის შესახებ

გასულ კვირას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჯიუტად გაიმეორა, რომ არ აპირებს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ათონელის ქუჩის 25 ნომერში გადასვლას, სადაც არც თუ შორეულ წარსულში მანქანების სავალ ნაწილზე გადმოჩოჩებული ამერიკის ყოფილი საელჩოს შენობა იყო. მარგველაშვილის კვალდაკვალ ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლაზე უარი თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმაც. არადა, მის კეთილმოწყობაზე მარტო 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონი გადაირიცხა!
რატომ შეცვალა ასე მკვეთრად მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება სააკაშვილის რეზიდენციის ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ? განა ამის გამო ღირდა ბიძინა ივანიშვილის წყენინება, რომელმაც მარგველაშვილი კერძო ინსტიტუტის რექტორობიდან პრეზიდენტად გაქაჩა? რაში სჭირდება დუშეთის სოფლურ იდილიაზე უზომოდ შეყვარებულ ფილოსოფოსს ვეებერთელა ავლაბრის სასახლე, რომლის გუმბათიდან სააკაშვილმა ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო დროშაც კი ჩამოხსნა და მის ნაცვლად აღმართული საროსკიპოს წითელგულებიანი ალმის ფონზე თეთრ პიანისტს ჩაეხუტა შავი როიალის სარეცელზე?
როგორც ირკვევა, სააკაშვილმა ვილნიუსის სამიტზე და კიევში, პოროშენკოს ინაუგურაციაზე მარგველაშვილთან შეხვედრის დროს ურჩია მას, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოს მისთვის სტატუსით განსაზღვრული საპრეზიდენტო რეზიდენცია. სინამდვილეში კი სააკაშვილი სულ მალე თავად აპირებს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლას და ამ დრომდე მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კეთილმოწყობილმა ავლაბრის რეზიდენციამ პროფილი არ შეიცვალოს ბევრი ოპერატიულ - ტექნიკური მიზეზის გამო (სპეცკავშირგაბმულობა, იფრასტრუქტურა, სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ა.შ.)
თუმცა, არის ამ სურვილში უფრო მნიშვნელოვანი მიზანსწრაფვაც – ავლაბრის სასახლეს, ათონელზე მდებარე სასახლისაგან განსხვავებით, აქვს რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბი, საიდანაც არამარტო გაპარვა შეიძლება, არამედ კბილებამდე შეიარაღებული დივერსანტების შემოყვანაც, რომლებიც, სააკაშვილის განკარგულებით, აიძულებენ მარგველაშვილს, წავიდეს სახლში (ამ სიტყვების 2003 წლისეული გაგებით, პოსტიდან გადამდგარი შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამის დარად). მეოთხე პრეზიდენტის "სახლში წასვლას" ავტომატურად მოყვება ახალი "ვარდების რევოლუცია", თუმცა ჰუმანიტარმა მარგველაშვილმა, რომელსაც, როგორც ჩანს, გული აუჩუყა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სააკაშვილის მოსალოდნელმა ხვედრმა, გადაწყვიტა, ენდოს მის კეთილ ზრახვებს და ექსპრეზიდენტის დანაშაულობათა გამოძიება აბსოლუტურად გამჭვირვალე გახადოს! ისეთივე გამჭვირვალე, როგორც სააკაშვილის ციხეებში ტანჯვა–წამებით გათანგული პატიმრების ცრემლი და ავლაბრის კლდიდან საუკუნეების მანძილზე დადინებული წყალი...

 ზუსტად შვიდი წლის წინათ გამომცემლობა "სამშობლოდან" ჟურნალისტების მასობრივი გამოძევების შესახებ

გასულ კვირას შესრულდა ზუსტად 7 წელი, რაც 2007 წლის 10 აგვისტოს სააკაშვილმა ასობით შეიარაღებული პირის მეშვეობით სასტიკად დაარბია თბილისში, კოსტავას 14–ში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა და "ასავალ–დასავალთან" ერთად, ქუჩაში გამოყარა 90–ზე მეტი რედაქცია და ტელეკომპანია.
მართლა კაზინო "აჭარა–ბეთს" უნდა დაუთმოს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა ყოფილი რეზიდენცია კოსტავას ქუჩაზე, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს? – გამუდმებით კითხულობენ სააკაშვილის მიერ რეპრესირებული ჟურნალისტები გამომცემლობა "სამშობლოსთან" ჩავლისას. ან, საერთოდ, ვის მიაკუთვნებენ ათონელის ქუჩაზე აშენებულ ახალ რეზიდენციას, სადაც არც პრეზიდენტ მარგველაშვილს სურს გადასვლა და არც პრემიერ ღარიბაშვილს? ცხადია, ამ შენობაზე პრეტენზია ვერ ექნება საქართველოს პარლამენტს, რომელიც, ასე ვთქვათ, გადებულია ქუთაისის სარკოფაგსა და თბილისის მთავრობის სახლს შორის.
ასეთ შემთხვევაში, რა უშლის ხელს, რომ ათონელის 25–ში ახლადგარემონტებული შენობა გადაეცეს სწორედაც რომ "მეოთხე ხელისუფლებას" – ქართულ მედიას, რომელმაც სააკაშვილის ხელში არაადამიანური რეპრესიები განიცადა?! ამ ნაბიჯით პრემიერი ღარიბაშვილი ააღორძინებს საქართველოში ძალადობრივად მომსპარ "პრესის სახლს", სწორედაც რომ ანტიდემოკრატიული სააკაშვილისა და მისი ავყია დამქაშების ჯინაზე, რომლებიც უკვე მეორე კვირაა, ადანაშაულებენ ბიძინა ივანიშვილს თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში.

 "ლაგუნა ვერეს" საიდუმლოსა და ბიძინა ივანიშვილის მომტყუებელთა შესახებ

2015 წელს თბილისში ახალგაზრდობის საერთაშორისო ოლიმპიური ფესტივალი უნდა ჩატარდეს. ამ მიზნით გასულ კვირას პრემიერმა ღარიბაშვილმა დაათვალიერა მშენებარე ოლიმპიური ობიექტები, მათ შორის, დიღომში, სადაც შესაბამისი სტანდარტების საცურაო აუზი უნდა აშენდეს.
მაგრამ არავისთვის დასამალი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ თბილისში რახანია არსებობს მდიდარი ტრადიციების მქონე "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზი, რომელიც თავის დროზე ასევე შეესაბამებოდა ოლიმპიურ სტანდარტებს და რომელმაც გზა დაულოცა უამრავ ქართველ ჩემპიონს. დიახ, აქ ისწავლეს ცურვა რამდენიმე თაობის თბილისელებმა, თუმცა, დღეს აღნიშნული საცურაო აუზი დაკეტილია, რადგან 2013 წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილისადმი მტრულად განწყობილმა პირებმა მწარედ მოატყუეს იგი, თითქოს მის მფლობელობაში არსებული "ლაგუნა ვერე" მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ამის კვალდაკვალ თბილისელთა დასვენების საუკეთესო კერა და ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომი ღია საცურაო აუზი დახურეს, რის შედეგადაც 2014 წელს ათასობით ბავშვი და, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, ზაფხულის ცხელ დღეებში ბედის ანაბარა დარჩნენ.
აღნიშნული დანაშაული ივანიშვილის ნდობამოპოვებული სააკაშვილის აგენტების ხელდასხმით მოხდა – აკი, თბილისის მერის არჩევნების წინა დღეებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შავი პიარის უკეთეს ვარიანტს ვერ მოიფიქრებდი! ნაციონალები ავრცელებენ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქველმოქმედებაზე საქართველოში 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, "ლაგუნა ვერე" იმიტომ დახურა, რომ სათანადო მოგება ვერ მიიღო.
თვალის ერთი შევლებითაც ცხადია, რომ საქმე მართლაც ფულშია, მაგრამ არა ივანიშვილის ფულში, არამედ ბენდუქიძის მოსახვეჭ ფულში, რომლის დახურულ აუზს ვაკეში სწორედ "ლაგუნა ვერედან" გამოძევებული ადამიანების ნაკადი მიაწყდა! ვფიქრობ, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ბატონი ბიძინა "ლაგუნა ვერას" მრავალწლიანი იჯარით გადასცემს თბილისის მერიას და მას ძველ დიდებას დაუბრუნებს!

 დავით ნარმანიას ინიციატივით ველოსიპედის ძეგლის დედაქალაქის ცენტრიდან გადატანის შესახებ

გასულ კვირას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოვიდა წინადადებით, მოხდეს სააკაშვილის მიერ დადგმული ერთ–ერთი უნიჭო და უსახური ძეგლის – ველოსიპედის – სასწრაფო ევაკუაცია და გადაიხედოს ნაციონალების სხვა უგვანო "შედევრების" ყოფნა–არყოფნის საკითხი. რიყეზე გათხლაშული საკონცერტო ქვევრის, მშვიდობის უგვანო ხიდისა და გმირთა მოედანზე დარჭობილი ფალოსის შესახებ, გვჯერა, სერიოზულად იმსჯელებენ, მაგრამ ამჯერად თბილისში, სააკაძის დაღმართის 10 ნომერში ახლად აშენებული "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" შესახებ მოგახსენებთ, რომელიც, იმავდროულად, "სააკაშვილის ფონდსაც" წარმოადგენს.
საინტერესოა, არსებობს თუ არა ამერიკასა და ევროპაში ფონდები, რომლებიც სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეკუთვნით ან ბიბლიოთეკები, რომლებიც ასეთი პირების სახელს ატარებს? და რატომ იწოდება ეს სამკითხველო "საპრეზიდენტოდ"? – იმიტომ ხომ არა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაზე მიგვანიშნებს?
საგულისხმოა ერთი დეტალიც – ბიბლიოთეკის შესასვლელს ამშვენებს სააკაშვილის მიერ აწაპნილი უზარმაზარი საათი, რომელიც დამზადდა თბილისის მერიის შეკვეთით დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე განსათავსებლად.
თბილისის ახალმა მერმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე აღმართული ნაპარავი საათის კონფისკაცია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტით იქნა შეძენილი, ხოლო მის ადგილას დაიდგას ვარდების რევოლუციის მოედნიდან გადმოთრეული ველოსიპედის ძეგლი, როგორც შეხსენება სააკაშვილის ვიზიტის თურქეთში, სადაც მას, გალეშილ მდგომარეობაში მყოფს და ველოსიპედზე ამხედრებულს ვეებერთელა ტრაილერი შეეჯახა.
რაც შეეხება თავად "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას", სასურველია იგი "პადოშასთან" შეუთანხმებლად, სააკაშვილის დიქტატურის მუზეუმად გადაკეთდეს!

მიხეილ მესხის სტადიონზე მოწყობილი პროვოკაციისა და მიხეილ სააკაშვილის ქმედებების შესახებ

გასულ კვირას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერეს "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფტჩის" განმეორებითი მატჩის დროს პოლიციამ აღკვეთა პროვოკატორთა ქმედება, რომლებიც ცდილობდნენ, აეფრიალებინათ პუტინის წინააღმდეგ მიმართული უცენზურო გამონათქვამების შემცველი ვეებერთელა პლაკატი.
ცხადია, ისინი არ იყვნენ გულშემატკივრები, არამედ პროვოკატორები სააკაშვილის "თავისუფალი ზონიდან", რომლებმაც სტადიონზე დაწვეს დროშა ათათურქის გამოსახულებით და გაშალეს ბანერი, სადაც აზერბაიჯანის ტერიტორია საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. სწორედ ისინი ცდილობდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პროვოცირებას ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, ხოლო არჩევნების შემდეგ ქართველებისა და სომხების დაპირისპირებას ავლაბარში, ეჩმიაძინის ეკლესიასთან. პროვოკაცია არ შედგა, სამაგიეროდ, საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დიდი საჯარიმო სანქციები დაუწესეს, საქართველოს სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს კი აზერბაიჯანში შესვლის პირობები გაუმკაცრეს.
სააკაშვილის ამავე ჯურის პროვოკატორებმა მოაწყეს აფეთქებები "გალფის" ნავთობტერმინალში, რათა ხალხში ახალი მთავრობისადმი უნდობლობა ჩაეთესათ; მათვე ააფეთქეს და მწყობრიდან გამოიყვანეს სამი ელექტროანძა "იმერეთის", "კოლხიდა–2"–ის და "პალიასტომი–1"–ის ელექტროგადამცემ ხაზებზე.
და ბოლოს: თბილისელები იმდენად შეეჩვივნენ ყოველდღიურ ღამეულ კანონადებს 21–დან 24 საათამდე დედაქალაქის შემოგარენში, რომ სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების, ან სულაც შეიარაღებული გადატრიალების შემთხვევაში, ძნელად თუ დაიჯერებენ, რომ სერიოზულ საფრთხესთან აქვთ საქმე. და თუკი ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი სამხედროების უწყინარი ღამეული ვარჯიშებია, თავდაცვის მინისტრი ალასანია ვალდებულია ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით დაამშვიდოს დედაქალაქის მცხოვრებნი.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 11 აგვისტო
საქართველო, თბილისი