საზოგადოება
"ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა

veris-ubnisმუსკომედიის სცენაზე მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" გაცოცხლდა. ფილმის სცენური ვერსია დათო დოიაშვილს ეკუთვნის. პრემიერა ფილმში მონაწილე მსახიობებს, მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიეძღვნა. საქინფორმთან საუბარში რეჟისორმა დათო დოიაშვილმა აღნიშნა: "არავითარი სარეჟისორო ამბიცია არ მქონია, არც მსახიობებს ჰქონდათ სურვილი, იმ ბუმბერაზ არტისტებს შეჯიბრებოდნენ. პირიქით, ეს არის ქედის მოხრა იმ თაობის წინაშე და მდგომარეობის მიმართ, რაც იმ დროს იყო. მინდოდა ეს ფილმი დამედგა და არა რაიმე ახალი, თანამედროვე ვერსია, სწორედ იმიტომ, რომ ის სული, რაც ამ ფილმშია, ვფიქრობ, ნელ-ნელა საქართველოში ქრება. ეს იქნება დიდი მიღწევა, თუ ვიღაცები ამას შევინარჩუნებთ". ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, თუ ვის უნდა ეთამაშა მიუზიკლში. "თავდაპირველად გვინდოდა, მომღერლებს შეესრულებინათ როლები. ბევრი ვცადეთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. ვფიქრობ, აქ მსახიობებს უნდა ემღერათ იმიტომ, რომ ამ მიუზიკლში ძალიან ბევრი სათამაშოა, ვიდრე სამღერი", - აღნიშნა რეჟისორმა.
კახი კავსაძე: "სპექტაკლის ნახვის დროს უფრო ვიგრძენი ეს მუსიკა, ვიდრე ფილმში იყო. არ ველოდი, ასე თუ მომეწონებოდა. ძალიან მომწონს ეს იდეა, რომ ფილმი გადმოიტანეს სცენაზე, თანაც ასე ოსტატურად. ძალიან კარგები არიან, ყველას ვურჩევ, ნახოს".