პუბლიკაციები
გიორგი მღვდელაძე: “ეკონომიკური ზრდა, მთავრობის პროგნოზს 0,5% აღემატება”

1-mgvdeladze-pol2-analitსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2014 წლის პირველი კვარტლის და მეორე კვარტლის წინასწარი შეფასებით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 7,1 პროცენტი ხოლო აპრილი-მაისის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს მშპ-ს ზრდაში 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით პირველ ადგილს ვაჭრობა იკავებს. 933,4 მლნ. რომელიც წინა წლის შესაბამის პერიოდს 102,7 მლნ ლარით აღემატება. მეორე ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა იკავებს 521,9 მლნ-ით, რომელიც წინა წლის შესაბამის პერიოდს 80,5 მლნ. ლარით აღემატება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წილი მშპ-ში სოფლის მეურნეობა უჭირავს 510,2 მლნ. ლარით რომელიც 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11 მლნ. ლარით მეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,2%) და მრეწველობა (17,1%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,2%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4%), სახელმწიფო მმართველობა (8,9%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1%). გარდა ამისა, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (16,7%), მშენებლობა (14,0%), ვაჭრობა (11,1%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (10,1%), ტრანსპორტი (9,2%), სასტუმროები და რესტორნები (6,7%), საფინანსო საქმიანობა (5,9%). კლება დაფიქსირდა მხოლოდ სამთომოპოვებით მრეწველობაში (13,6%).

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის 2014 წლის იანავარი-მაისის მონაცემებით, წინა 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 17,3%-ით, იმპორტი - 15,4%-ით, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით გაიზარდა.

„თვეების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდა მარტის თვეში 8,3%, ხოლო ყველაზე დაბალი აპრილში, 2,7% დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მიმდინარე წლის 5 თვის ეკონომიკური ზრდის წინსწარი მონაცემების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 6% გადააჭრბა, 0,5% აღემატება მთავრობის მიერ ნავარაუდები ზრდის ტემპს. იმის გათვალისწინებით, რომ წინ გვაქვს საკურორტო სეზონი და ტურისტების მატებას უნდა ველოდოთ, ამასთანავე ქვეყანაში სავაჭრო ბრუნვა სისტემატური ზრდის ტემპით ხასიათდება, მომავალ კვარტლებში ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი უნდა დაფიქსირდეს. გარდა ამისა, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წლის ბოლო კვარტალი, რომელიც ყოველთვის უფრო მაღალი ზრდით ხასითდება. შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის საპროგნოზო ნიშნულს (6,3%) სავარაუდოდ უპრობლემოდ მიაღწევს“ - აცხადებს „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას“ ეკონომისტი, გიორგი მღვდელაძე.