პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: „შეიარაღებული ძალების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას: მშვიდობის დაცვა - ომის მოგება ბრძოლის გარეშე!“

1-arma-pol2საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა სკოლის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. „იმისათვის, რომ ომი მოიგო ბრძოლის გარეშე, პირველ რიგში არის გასაკეთებელი ის, რაც თქვენ გააკეთეთ. ეს არის მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ქართველი ჯარისკაცის უნარი, სიმამაცე , ღირსება, ცოდნა უკვე არა მარტო საქართველოში იციან, არამედ თქვენი თანემებრძოლების მეშვეობით ბევრ სხვა ქვეყანაშიც ჩვენმა მოკავშირეებმა. მეორე ნაბიჯი არის ის, რაც არც ერთ ქართველს არ ესწავლება - ეს არის თავგანწირვა სამშობლოსთვის. მტერმა იცოდა და უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შეიარაღებული ძალები ნებისმიერ მომხდურს ძვირად დაუჯენენ ჩვენი საზღვრის დარღვევას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ, ოფიცრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართა. თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ფიცი 98 კურსდამთავრებულმა დადო, რომლებსაც ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ. კურსდამთავრებულები დღეიდან სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს. ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ოფიცრებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.