ჭაბუა ამირეჯიბი 89 წლის გახდა
ბერი დავითი, ერისკაცობაში ჭაბუა ამირეჯიბი, დღეს იუბილარია. მწერალი 89 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ჭაბუა ბავშვობაში ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე ასაკში არაფერი დაუწერია. პატიმრობის შემდეგ კი სერიოზულად მოჰკიდა კალამს ხელი. მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა 1960 წელს, სახელწოდებით "რატომ არ დამაცადე".
მასვე ეკუთვნის მოთხრობათა კრებული: "გზა", "ძია შოთას ბადია", არაკების კრებული "თაფლის წვეთი", კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები და სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. ჭაბუა ამირეჯიბი არა ერთი პრემიისა და ორდენის მფლობელია; ის არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. მწერლის უმნიშვნელოვანესი რომანებია "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე". მისი ნაწარმოებები მსოფლიოს ოცდაათ ენაზეა თარგმნილი. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და ეწოდა დავითი. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა.