პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს!“

1-Republique-pol2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ! ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს! - ამგვარი მილოცვით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.
დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. ამ დღეს დიდხანს ელოდა ჩემი ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა აფხაზ და ოს ძმებსაც მიმართა და მათ ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა შესთავაზა.

ჩემო თანამემამულენო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ, დღეიდან, ჩვენთან ერთად, ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს,”-აღნიშნა პრემიერმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში დაწყებულ ახალი ეტაპზე და განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები.
ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად მიულოცა უკრაინელ და მოლდოველ ხალხებს ასოცირების შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და მათ წარმატება უსურვა.

ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელიც არა მარტო ევროკავშირთან დაგვაახლოებს, არამედ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.