სამართალი
2014 წლის 27 ივნისს, თბილისის დროით 11 საათზე, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას

1-asocid-prav3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ.
გარდა ამისა ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მეთაურმა მიიღო.

 ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.

საქართველოსთან ერთად, ასოცირების შესახებ შეთანხმებას ასევე მოლდოვამ და უკრაინამ მოაწერეს ხელი.