პოლიტიკა
გელა ღლიღვაშვილი: ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტხანს ჩვენი სახელმწიფოს სახელით იმას გვიშვრებოდნენ, რაც საუკუნეების მანძილზე ბევრმა მტერმა ვერ გვიქნა! და ეს ყველაფერი „ნათელი მომავლის“ და „დემოკრატიის“ სახელით კეთდებოდა...

1Gela-pol-1-an-1საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია საზოგადოებრივი მოძრაობა „სტაბილური დემოკრატიის“ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ღლიღვაშვილი.

-ბატონო გელა, დასრულდა ქვეყნის ადგილობრივი ორგანოების არჩევნების პირველი ეტაპი და მეორე ტურის წინ ბევრმა ანალიტიკოსმა არჩევნები უკვე შეაფასა, როგორც განსაკუთრებული და არაერთმნიშვნელოვანი. რას გამოჰყოფდით ამ მართლაცდა არცთუ უბრალო მოვლენაში?

-პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ მე თავად ვმონაწილეობდი ამ არჩევნებში პარტიიდან - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პარტიამ, რომელმაც სტარტი აიღო ამ არჩევნებში, მაშინვე გადალახა პროცენტული ბარიერი და თავი წარმოაჩინა, როგორც ახალმა პერსპექტიულმა პოლიტიკურმა მოძრაობამ.

ბევრს არ ვისაუბრებ იმ დარღვევებსა და გაყალბებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა და, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ ექნება, და ვიტყვი, რომ სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით ღირებული მიღებული შედეგი!

თითქმის ყველა ანალიტიკოსი (შტატიანიცა და უშტატოც) ლაპარაკობს და წერს ამ არჩევნების შესახებ პრაქტიკულად იმასვე, რასაც ყოველთვის, აქაოდა, მმართველმა პარტიამ დაკარგა პროცენტები, სხვამ - შეინარჩუნა, მესამეს წაართვეს, მეოთხე კიდევ რაღაცით გაანაწყენეს და ა. შ. ერთნი პროგრესზე ლაპარაკობენ, მეორენი - არჩევნებით მანიპულირების დანერგილ სისტემაზე და, საბოლოოდ, ყველა ცოტ-ცოტა მართალია, ანუ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ჩვეულებრივი ყბედობაა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ლუკმაპურს იმაზე საიმედოდ გაშოვნინებს, ვიდრე, ვთქვათ, საკუთარი ქარხანა...

-ესე იგი, არაფერი ახალი ამ არჩევნებზე არ ხდება?

-ამ თვალსაზრისით, თუკი, რასაკვირველია, მეორე ტურის არჩევნებს დემოკრატიული სამოთხის კარიბჭედ არ ჩავთვლით, განსაკუთრებული არაფერი. თუმცა, თუ გვერდზე გადავდებთ ყველაფერ მეორეხარისხოვანს, ეს არჩევნები წარმოადგენს განსაკუთრებულ ღირებულებას და არა მარტო საქართველოსთვის.

აი მაზე კი არავის ლაპარაკობს და ეს ან ინტელექტუალური იმპოტენციის, ანდა სხვადასხვა „ლიბერალურ“ ტრენინგზე შესისხლხორცებული ფობიების მიმანიშნებელია. მე ვლაპარაკობ ჩვენი ქვეყნის პატრიოტული ძალების პოლიტიკურ შედეგზე, როგორც საქართველოს, და არა მარტო საქართველოს,  უახლესი ისტორიის ახალ ფუცელზე.

-მხედველობაში გაქვთ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმატება?

-დიახ, თუმცა, მარტო ეს არა. აღნიშნული წარმატების მნიშვნელობის გასაგებად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცოტა ადრე არჩევნები გაიმართა გაერთიანებული ევროპის ქვეყნებში, სადაც პატრიოტულმა ძალებმა ასევე ძალზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც, სხვათა შორის, ერთობ დაამწუხრეს ისინი, ვისაც სხვის ხარჯზე დიდხანს სძინავს და გემრიელად ჭამს. თუკი არცთუ დიდი ხნის წინ თავად პატრიოტის ცნება მარგინალიზებული იყო ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით და ფობიური იარლიყებით საფრთხობელად წარმოჩინდებოდა, ახლა ეს მოძველებული ტრიუკი, როგორც ჩანს, შედეგს ვერ მოიტანს.

ყურადღება მიაქციეთ იმ ისტერიკას, რომელმაც მოიცვა მრავალი ფსევდოლიბერალი დასავლეთშიც და ჩვენთანაც იმის გამო, რომ რიგითმა მოქალაქემ, კუჭის გარდა, საკუთარი ღირსებაც გაიხსენა, როგორც თავისი ეგზისტენციალური უფლება და თავისუფლების ცნებამ მაშინვე შეიძინა სხვა, უფრო ღრმა და რთული მნიშვნელობა, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობაა.

ყველაფერი ეს განსაკუთრებით სახალისოა, როცა გესმის, რომ, ჩვენ, პატრიოტები, წინააღმდეგი ვართ იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც, ჩვენსავით, უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ ჩვენს თანამოაზრეებს გაერთიანებულ ევროპასა და ცივილიზებული მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც.

-როგორ ხედავთ ამ პროცესის პერსპექტივას ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ?

-ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტხანს ჩვენი სახელმწიფოს სახელით ისეთ რამეს გვიშვრებოდნენ, რაც საუკუნეების განმავლობაში მრავალმა მტერმა ვერ გვიქნა! და ეს ყველაფერი ხდებოდა „ნათელი მომავლისა“ და „დემოკრატიის“ სახელით... ამას მალე სამუდამოდ მოეღება ბოლო  და სოლიდარული თანაარსებობის შეგნებით, ერის ჯანსაღი ძალები, როგორც სამოქალაქო ერთობა, ჩვენი ქვეყნის მშენებლობას შეუდგება, სადაც ერთის ბედნიერება არ იქნება მეორეს უბედურების შედეგი და სადაც ბავშვები შიმშილითა და სიცივით აღარ დაიხოცებიან!

ამ რთულ პროცესში გაერთიანებული ევროპა, რა თქმა უნდა, თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ჩვენი მასთან დაახლოება უფრო სწრაფი და ჰარმონიული იქნება. პატრიოტიზმი, როგორ ახალი კულტურული გეშტალტი, გააფართოებს და გააღრმავებს ინტეგრაციის პროცესს, აქცევს მას უფრო სისხლსავსედ და საინტერესოდ, ვიდრე ვთქვათ, ჟან მონეს თეორიაა.

-გმადლობთ, ბატნოო გელა, საინტერესო ანალიზისათვის.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი