აქტუალური
ცხინვალი ემზადება რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად. ცხინვალში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი

Cxinvali-aqtual-3საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. როგორც PolitRUS.com იტყობინება: „ცხინვალის ახალი პარლამენტი  რუსეთთან მიერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ახლადარჩეულმა სპიკერმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ («Единая Осетия») ლიდერმა  ანატოლი ბიბილოვმა: „ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ლოზუნგებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ორმაგი მიდგომა არ იქნება - საკითხი რეფერენდუმზე დადგება. ჩვენ ჩავატარებთ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და მიღებული იქნება ერთობლივი გადაწყვეტილებები“.

საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, რომ არჩევნებში გამარჯვებულიპარტია "ერთიანი ოსეთი" თავის მთავარ ამოცანად ასახელებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და მიესალმა პარტია «Справедливая Россия»-ს საკანონმდებლო ინიციატივას უცხო ქვეყნის ნაწილის რუსეთის შემადგენლობაში ახალ სუბიექტად მიღების წესის გამარტივების შესახებ. „ამ კანონის მიღების წყალობით ჩვენ გაცილებით გაგვიადვილდება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის - რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოსეთის გამთლიანების განხორციელება“, - ასე წარმოსახავდა თავის გეგმებს ბიბილოვი.

ამჟამად ცხინვალში სამუშაო ვიზიტად იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც დახურულ კარს მიღმა  გამართა მოლაპარაკებები რესპუბლიკის მეთაურთან ლეონიდ თიბილოვთან და განაგრძობს შეხვედრებს ახალი მოწვევის პარლამენტის გავლენიან დეპუტატებთან.