პუბლიკაციები
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის - მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება საექსპერტო კონსულტაციები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომავალ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„საუბრის დროს განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, უახლოეს დღეებში სავაჭრო-ეკონომიკურ პრობლემატიკაზე ექსპერტების კონსულტაციის საკითხი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის კონტექსტში“, - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც საქინფორმის მკითხველებისთვის ცნობილია, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაიმართება 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში. ასევე გაფორმდება ხელშეკრულებები უკრაინასა და მოლდოვასთან.