თბილისში "ბუდა ბარი" გაიხსნება
თბილისში "ბუდა ბარის" გახსნის ხელშეკრულებას ხელი პარიზში მოეწერა. თბილისური "ბუდა ბარი" რიყეზე 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.
"ბუდა ბარი" პირველად 15 წლის წინათ საფრანგეთის დედაქალაქში გაიხსნა. დღეს ის უკვე ცნობილი ბრენდია და პოპულარული გასართობი ადგილი მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში. "ბუდა ბარი" მონტე-კარლოშიც, ლონდონშიც, სან-პაულუში, პრაღაში, დუბაიში და ვაშინგტონშიც გართობისა და დასვენების ლუქს-კლასის კატეგორიას განეკუთვნება.
დიზაინს ბარისათვის ფრანგი არქიტექტორები ამუშავებენ. მენიუს ასევე პარიზელი შეფმზარეული ადგენს და ექსკლუზიურ მუსიკას "ბუდა ბარის" დიჯეები უზრუნველყოფენ. მათ უკვე რამდენიმე ათეული ალბომი ჩაწერეს.
"ბუდა ბარის" ქსელის მმართველი კომპანია "ჯორჯ მეხუთე" "კარმა კაფეს", "ბარიო ლატინოს", "ბარლოტისა" და, საერთო ჯამში, 15-მდე რესტორნის, სასტუმროსა და სხვა ცნობილი ბრენდის მმართველიც არის.
კომპანია თავის პირველ პროექტს თბილისში ქართველ პარტნიორებთან ერთად წლის ბოლოსთვის დაასრულებს.