რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ნებისმიერ არჩევნებში ის ძალა გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლის. მელია, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, გაიმარჯვებდა პირველივე ტურში“

Arno-pol-1-red-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ორშაბათის ინტერვიუ „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.
- ბატონო არნო, როგორ შეაფასებდით 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს? რისი მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ 20-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მეორე ტური გახდა საჭირო?
- თუ მეორე ტური 13 ივლისს ჩატარდება, როცა ქალაქელები, განსაკუთრებით თბილისელები, დასასვენებლად იქნებიან გასულები, თანაც ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს, აქტივობა კიდევ უფრო დაბალი იქნება.
- და რით ხსნით ამომრჩევლის დაბალ აქტივობას 15 ივნისს?
- ორი ფაქტორით. პირველი - 3 მილიონ ნახევრიანი საერთო ამომრჩეველთა სია, რომელიც ახალ ხელისუფლებას გოგორიშვილმა ანდერძით დაუტოვა, მინიმუმ ორჯერ აღემატება რეალობას - საქართველოში დღეს რეალურად იმყოფება დაახლოებით 2 მილიონი საქართველოს მოქალაქე და ამომრჩევლის რიცხვი, შესაბამისად, უფრო ნაკლები უნდა იყოს. ამიტომაც გამოუვიდათ აქტივობის დაბალი მაჩვენებელი, რომ იმ გაბერილი ციფრიდან ითვლიდნენ.

მე კიდევ  ყალბი ციფრებით მანიპულირებას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვით, რომ ის ორი მესამედი, რომელიც არ მოვიდა არჩევნებზე, არის ამომრჩეველი, რომელსაც არ  მოსწონს არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ - იმ ერთი საერთო თვისების გამო, რომელიც ორივეს გააჩნია. აი ეს არის მეორე ფაქტორი.

- რა თვისებაზეა ლაპარაკი? რა შეიძლება აერთიანებდეს  ორ უკიდურესად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას?

- საქართველოს საგარეო კურსი! ახლანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილისგან ანდერძით საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გადაიბარა და ამით, როგორც ვნახეთ, უკმაყოფილოა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების, ანუ ამომრჩევლების ორი მესამედი, რომელიც არჩევნებზე ამის გამოც არ მივიდა.

ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს და მის ყველა საკადრო გადაწყვეტილებას  თვალდახუჭულმა დაუჭირა მხარი არა მარტო იმიტომ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან მოეშორებინა, არამედ იმის გამოც, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღედგინა. ჩვენ გვსურდა ნათესავებთან და მეგობრებთან უპრობლემოდ სიარული, რუსულ ბაზარზე ვაჭრობა და ბიზსნესი, რუსული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში და ახალი სამუშაო ადგილები და არა ამერიკული გრანტები და ევროპული სესხები! ქართველები სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და არა ნატოს და ევროკავშირის ომებში შვილების გაგზავნაზე ავღანეთში, ერაყსა და აფრიკაში! მაშინ ივანიშვილს ყველაფერში დავუჯერეთ და ვაღიაროთ, დღეს მოტყუებულად ვგრძნობთ თავს, რამაც უარყოფითად იმოქმედა ამ არჩევნების შედეგებზე...

- ამით ხსნით „ნაცმოძრაობის“ მზარდ მაჩვენებლებს არჩევნებზე?

- იცით რა, მე უკვე მერიდება პროგნოზების გაკეთება - იმდენად ზუსტად სრულდება ყველა მათგანი... ათასჯერ მაქვს ნათქვამი და დაწერილიც, რომ „ნაცმოძრაობის“ უგულებელყოფა არ შეიძლება ბევრი მიზეზის გამო და ჩამოთვლილიც მაქვს, თუ როგორ ემზადებიან ისინი რევანშისთვის. ამაოდ! „ქართულ ოცნებას“ არა მარტო დისციპლინა აკლია, როგორც დაგვიანებით აღიარა თვითონ ივანიშვილმა, არამედ ამბიციებიც სჭირს, შევარდნაძის „მოქკავშირს“ და სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ ფინალში რომ დაემართათ. „მეოცნებეებმა“ „ნაცებისგან“ ყველაზე ცუდი გადაიღეს, როგორც „მოქკავშირელებმა“ - უძრაობის ხანის პარტმუშაკებისგან: შინაურობა, ანუ ნეპოტიზმი, თვითდაჯერებულობა, ქედმაღლობა, დაცვის გადაჭარბებული ესკორტები და ფუფუნებისკენ მიდრეკილება ღატაკ ქვეყანაში - მარტო ეს ჯიპები და ხელფას-პრემიები რად ღირს!..

ამიტომ, საზეიმო ბანკეტის მეორე დღეს თავი არა „წაგებულ“ ნაცებს, არამედ „მოგებულ“ მეოცნებეებს უნდა სტკიოდეთ, კიდევ კარგად არიან გადარჩენილი...

- რას გულისხმობთ, ბატონო არნო? შეიძლება წაეგოთ კიდევაც?!

- თავისუფლად! მაგრამ მადლიერმა ქართველმა ხალხმა - მოტყუებულმა, რომელიც სახლში დარჩა, და მანაც, ვინც არჩევნებზე მივიდა და „ოცნებას“ ხმა მისცა - უკანასკნელად სცა პატივი ბიძინას, რომელმაც სააკაშვილი  მოგვაშორა!

მაგრამ მიშამ ცუდი არამარტო იმ გაუბედურებულ ოჯახებსა და თავის პოლიტიკურ ოპონენტებს გაუკეთა - მან დიდი პრობლემები შეუქმნა თავის მომხრეებსაც, რომელთა შორის ბევრი სერიოზული პროფესიონალი და წესიერი, უდანაშაულო ადამიანი იყო. პირდაპირ გეტყვით - ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობისგან“ რომ არ ყოფილიყო,  დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა მეორე ტურის გარეშე! ახლაც წაგებული არ გახლავთ, თავის ცხოვრებაში პირველივე არჩევნების პირველ ტურში იმდენი ხმა რომ აიღო და მეორე ადგილზე გავიდა ხელისუფლების კანდიდატის მერე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს პერსპექტიული, ახალი სტილის ფიგურა შეემატა, რომელმაც, პოლიტიკური გამოუცდელობის მიუხედავად, ერთი ხელის მოსმით დაამარცხა ყველა, ვინც პოლიტიკაში დაბერდა!

და შეცდომები, რაც ამ საუკეთესო ოჯახიშვილს, ქალაქელს, ქართველსა და უგანათლებულეს ახალგაზრდას ადრე მოუვიდა, სააკაშვილის სინდისზეა, რომლის უამრავი დანაშაული ახალმა ხელისუფლებამ 2 წელი ვერა და „ვერ გამოიძია“, მრავალი წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად (ამომრჩევლის იმედგაცრუების კიდევ ერთი მიზეზი!). სააკაშვილი, ამერიკის თვალში მორიგი ქულები რომ დაეწერა, რათა იქიდან ახალი მრავალმილიონიანი ტრანში მიეღო, თავის გარემოცვას იყენებდა და უკანონო დავალებებს ასრულებინებდა, თანაც „ჰიპნოზს“ უკეთებდა - ნუ გეშინიათ, მე ვარ კანონი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას თქვენს მაგივრადო! დღეს კიდევ ვისაც აგებინეს პასუხი და ვინც ციხეში ზის - ყველამ ვნახეთ, მიშა კიდევ არც დაუკითხავთ...

- ბატონო არნო, თუ იმათ ესმოდათ, რომ დანაშაულზე მიდიოდნენ და მაინც ჩადიოდნენ ამას, ეს რა - სააკაშვილის ბრალია მარტო?!

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ პროპაგანდა და პიარი ხომ გაგიგიათ, მით უფრო, როცა შენს უკან ყოვლისშემძლე პატრონია ამერიკის სახით?! სააკაშვილმა არა მარტო თავისი მომხრეები, არამედ მთელი საქართველო, რა საქართველო - ნახევარი მსოფლიო მოატყუა და ამას დღემდე აგრძელებს უკრაინაში! მაგრამ საქართველოში მას ეს ასე კარგად არ გამოუვიდოდა, რომ არა ბევრი ჩვენი კოლეგა - მოსყიდული ქართველი ჟურნალისტები, განსაკუთრებით, მთელი ქართული ტელევიზიები და ქართველი „პოლიტოლოგები“, დღესაც  ეკრანიდან რომ არ ჩამოდიან და რომლებსაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ „პროქტოპოლიტოლოგები“ დავარქვი.

ღმერთმა ქნას, ახალმა მერებმა, გამგებლებმა და საკრებულოებმა ათასჯერ უკეთესად იმუშაონ, მაგრამ რატომ უნდა დატოვონ ასპარეზი გამოცდილმა მუშაკებმა მარტო პარტიული ნიშნის გამო, რომელთა კვალიფიკაციაზე ამდენი დრო და საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა?! იმ დროს, როცა „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლები - რეზო შავიშვილი, ზვიად ძიძიგური და ლევან ბერძენიშვილი - ისევ პარლამენტში, ისევ მმართველი  პოლიტიკური გუნდის სახეები არიან!

გვაცალეთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დანაპირებს ვერ გისრულებთ - სააკაშვილი ყველაფერს გვიბლოკავს!“ - გვეუბნებოდა ახალი ხელისუფლება 2012 წლის არჩევნების შემდეგ. „გვაცალეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, ნაციონალები ადგილებზე საბოტაჟს გვიწყობენ!“ - გვესმოდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე. „აცალეთ ახალდაკომპლექტებულ  მუნიციპალიტეტებს საქმეში გარკვევა და მერე მოსთხოვეთ!“ - გვეტყვიან 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამასობაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოვა! ასე მეორდება წლიდან წლამდე, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე...

- ძნელია, არ დაეთანხმო თქვენს ლოგიკას, ბატონო არნო... და როგორია პროგნოზი, რა მოხდება უახლოეს მომავალში და ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში?

- მე ვიცი „რეცეპტი“, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაამარჯვებინებს ყველა მომავალ არჩევნებში, თუ ის ჩემს „მკურნალობას“ დაექვემდებარება. საქართველოში ნებისმიერ არჩევნებში ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას დააპირებს, ანუ არა ევროკავშირთან ასოცირებისა და ნატოს წევრობისკენ, არამედ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევრაზიული კავშირისკენ აიღებს გეზს (პირველი ნაბიჯების გადადგმაში - მოსკოვთან დიალოგის დაწყებაში - მაქსიმალურად ვეცდები, დავეხმარო ჩემი მეგობრების მეშვეობით).

აი მაშინ იმ პარტიის თუ კოალიციის ელექტორატს დაემატება ამომრჩეველთა ის ორი მესამედი, 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიუღია! დღეს ამომრჩეველთა პასიური ორი მესამედი  არის პოტენციური ელექტორატი იმ ძალისა, ვინც რუსეთთან სრულმასშტაბიან ურთიერთობებს აღადგენს და აფხაზებთან, ოსებთან დიალოგს დაიწყებს, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩვენი გაერთიანებით დაგვირგვინდება!

უახლოეს პროგნოზებს რაც შეეხება. მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მოვლენების ჯაჭვი, რომელიც არავის შეუმჩნევია:

- გაურკვეველი მიზეზით გაღვიძებული სტიქიის გამო ხანგრძლივი ვადით ჩაიკეტა დარიალის ხეობა - ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს;

- სამცხე-ჯავახეთში თვითმმართველობის არჩევნებში ობივატელისთვის მოულოდნელი უპირატესობით „ოცნებამ“ გაიმარჯვა - ქვემო ქართლისგან განსხვავებით;

- ერევნიდან თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადარი - სპილო ჩამოიყვანეს;

- სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ვიზიტით ეწვია - იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღეს სხვა - ევრაზიულ კავშირში წევრიანდება. შედეგად, „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საქონლის უბაჟო ტრანზიტზე.

მოდი, დასკვნები მკითხველს მივანდოთ, მე კიდევ პროგნოზების გაკეთება, როგორც გითხარით, უკვე მერიდება...

- ნება თქვენია, ბატონო არნო.

- და კიდევ: ვურჩევდი პრემიერ ღარიბაშვილს, კარგად დაუკვირდეს იმ ფოტოსურათებს, 15 ივნისის საღამოს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რომ გადაიღეს. პარლამენტარების და მინისტრების ნახევარზე მეტი, ვინც იმ საღამოს მასთან შამპანიურს სვამდა და მაშხალების ფონზე „გაუმარჯოს!!!“ ყვიროდა, მისი მეგობრები არ არიან. როცა დაუკვირდება ამ ფარისევლების „შუშის“ თვალებს, არაბუნებრივ ღიმილსა და კეკლუც პოზებს - მაშინ მიხვდება, რომ ისინი არაკეთილმოსურნეები არიან და მარტო ხელსაყრელ მომენტს, ანუ ვაშინგტონის სანქციას ელოდებიან!