აქტუალური
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2014”-ის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა, რომელიც ავღანეთში ISAF-ის მისიით გათვალისწინებული ტაქტიკით შესრულდა

Squadron-aqt3საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. სწავლებაში მონაწილე ქართულმა და ამერიკულმა ქვედანაყოფებმა კომბინირებული ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც პატრულირებას, ჩხრეკა-კორდონსა და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. საჩვენებელი სწავლების დასკვნით ნაწილში კი ოპერაციის დროს პირობითად დაშავებულის ევაკუაცია განხორციელდა.

სამხედრო სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 5 ამერიკელ საზღვაო ქვეითს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.

„ეს არის ბრიგადის დონის პირველი ქართულ-ამერიკული წვრთნები, როდესაც ჩვენი შტაბის ოფიცრები და ამერიკელები ბრიგადის დონეზე მთელ სამხედრო თეატრს ერთობლივად მართავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რომ 350-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითია ჩამოსული და ამ პერიოდში ჩვენი არა მხოლოდ ურთიერთთავსებადობის კუთხით ხდება ნაბიჯის გადადგმა, არამედ, რაც მთავარია,    სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების სწორად დაგეგმვა ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საჩვენებელ სწავლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეორე დივიზიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯიმი ლუკმენი დაესწრნენ.