„იმ ღამეს ჭყვიშთან არ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“....
1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფ. ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე.
გალაკტიონი 1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა.
1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. იგი იყო 1924 წელს დაარსებული ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი.
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე აღიარეს „ქართული პოეზიის მეფედ“. მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები“, „გობელენი“, „შერიგება“, „მთაწმინდის მთვარე“, „ალვები თოვლში“, „ოფორტი“, „შიშველი“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ყორანი“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“, „იმ ვარდისფერ ატმებს“, „თოვლი“, „ქარი ქრის“, „მესაფლავე“ და სხვ.
პოეტისთვის რიცხვი 17 საბედისწეროა. გენიოსის დაბადება და გარდაცვალება სწორედ ამ ციფრთან ასოცირდება. მან 1959 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. „პოეტების მეფე“ მთაწმინდაზეა დასაფლავებული. 2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ მას შეუნდო ეს ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.