საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.
მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ორშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს.
რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხ აფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.