საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი „Frontnews”-თან საუბარში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომლითაც მან კონგრესს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
რაც შეეხება ნატოს სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს, იმერლიშვილის თქმით, „როგორც ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ბოლო ვიზიტისას თქვა, ეს თვითონ ნატოს წევრი ქვყნების მიერ არის გადასაწყვეტი“.
„იქ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია. ცხადია, აშშ ლიდერობს, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის გადაწყვეტილებით არ ხდება ეს“, - განმარტა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
შეკითხვაზე, ნატოს სამხედრო ძალების საქართველოში განთავსების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციის გათვალისწინებით, მზად არის თუ არა ხელისუფლება გამოწვევისთვის, იმერლიშვილმა განახადა, რომ „ეს არამც და არამც არაა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, უსაფრთხოებას დაეხმარება“.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მისი ქვეყნის საზღვრებთან რომელიმე სამხედრო გაერთიანების ძალების განთავსებას არ დაუშვებს.