უცხოეთი
რუსეთს უკრაინელი ლტოლვილები აწუხებენ

BeJenci-ucx-2საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის მთავრობა მზადაა, ლტოლვილები მიიღოს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან. როგორც როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი იუწყება, ლტოლვილების დახმარების საკითხი გუბერნატორ ვასილი გოლუბევისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულ პავლე ასტახოვის შეხვედრაზე განიხილებოდა. ასტახოვის თქმით, გასულ დღე-ღამეში როსტოვის ოლქში უკრაინის 7000-ზე მეტი მოქალაქე ჩავიდა და მათი რიცხვი იზრდება.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ამ განცხადებამ დააეჭვა და განაცხადა, რომ სინამდვილეში რუსეთის საზღვარი გადაკვეთა 11 157 მოქალაქემ და თითქმის ამდენივე დაბრუნდა უკან, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი მოქალაქეები საზღვარზე თავშესაფარს ითხოვენ, უკრაინელი მესაზღვრეებისთვის უცნობია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელ ვლადიმერ მარკინის განცხადებით, შუამდგომლობა ლტოლვილად ცნობის შესახებ უკრაინის 4000 -მდე მოქალაქემ დააყენა, რომელთა შორის 500 ბავშვია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ „ბოლო ხანს ლტოლვილების რიცხვი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინიდან რამდენადმე გაიზარდა და ამასთან დაკავშირებით მიიღება ღონისძიებები მათი ბავშვთა ბანაკებსა და პროფილაქტორიუმებში განთავსებასთან დაკავშირებით, როგორც როსტოვის ოლქში, ასევე სხვა მომიჯნავე ოლქებში“ .