უცხოეთი
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

1-vozglavila-ucx-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან რუსეთი იქნება. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სამუშაო გრაფიკი ძალიან დაძაბული იქნება.

“დიდი ყურადღება დაეთმობა ახლო აღმოსავლეთს: ჩვენ განვიხილავთ მდგომარეობის დარეგულირების საკითხებს იემენში, ლიბიაში, სირიის ქიმიური დემილიტარიზაციის პროცესს, ამ ქვეყანაში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას”, - განაცხადა ჩურკინმა.

მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში სხდომები გაიმართება ავღანეთის შესახებ, გარდა ამისა, განხილული იქნება მალის, კოტ-დივუარის, სუდანისა და სამხრეთ სუდანის სიტუაციები.

იმის მიუხედავად, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვის სამუშაო გეგმაში უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრა დანიშნული არ არის, ჩურკინი მსგავსი შეხვედრის ჩატარებას არ გამორიცხავს.

გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათ შორის ხუთი – დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკა მუდმივი წარმომადგენლები არიან.

მაისში მსოფლიო ორგანიზაციის ძირითად სტრუქტურას სამხრეთ კორეა ხელმძღვანელობდა, ივლისში კი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუანდა გახდება.