რედაქტორისგან
“რა ვუპასუხო ხალხს, ბატონო ბიძინა?” – საქინფორმის მთავარი რედაქტორის დახურული წერილი მილიარდერ ივანიშვილს

1-zakritoe-pol-2-red-1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი.
ბატონო ბიძინა!
პოლიტიკაში თქვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა და მისმა მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა თქვენ და თქვენს ფავორიტებს უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოგიჩინეს, თანაც - სრულიად უანგაროდ, თქვენ მიერ უხვად დაფინანსებული მედიასაშუალებების და პიარ - მრჩევლებისგან განსხვავებით. ამიტომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქართველ ხალხში გაჩენილ ნიჰილიზმსა და სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობის წილი მეც მაკისრია.
ბატონო ბიძინა!
ამ დახურულ წერილს სრულიად საიდუმლოდ გწერთ, სანთლის შუქზე (არა მარტო კონსპირაციის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ შუქი ისევ გამორთეს), გწერთ, იმიტომ რომ ჩავარდნის ზღვარზე აღმოვჩნდი...

რა ვუპასუხო ხალხს, როდესაც მეკითხებიან: “სააკაშვილის დროს, რომელსაც თქვენ, ბატონო არნო, მთელი 9 წელი ყოველდღიურად ამხელდით, რატომ დაივიწყეს თბილისელებმა - რას ნიშნავს ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტა, თქვენ მიერ ნაქები ღარიბაშვილის მთავრობის ხელში კი ელექტროენერგიას და წყალს ყოველდღე თიშავენ?!”

ბატონო ბიძინა, გინდათ, ყველაფერს “ოკუპანტ რუსეთს” დავაბრალებ? ის მეურნეობები, რომლებიც დედაქალაქს ელექტროენერგიით და წყლით უზრუნველყოფენ, ხომ რუსულ კომპანიებს ეკუთვნით, ჰოდა, მეც ვიტყვი, რომ რუსეთი საგანგებოდ ეწევა საბოტაჟს, რათა განრისხებულმა ხალხმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამხოს და რუსეთმა საქართველო დაიპყროს, როგორც ყირიმი!

შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ეს - “ნაციონალების” დივერსიებია, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი შავი ნიღბით და შავ კოლგოტებში, ღამის საფარქვეშ იპარება ქვესადგურებში და საკანალიზაციო ლუკებში, სადაც წითელი ნაჯახით ამტვრევს ფიდერებს და მილებს!

ბატონო ბიძინა!

რა ვუპასუხო ხალხს, როცა მეკითხებიან: “სააკაშვილის დროს, რომელსაც თქვენ, ბატონო არნო, მთელი 9 წელი ყოველდღიურად ამხელდით, რატომ შენდებოდა სპორტული მოედნები, აუზები სკოლებში, შადრევნები მოედნებზე, ხოლო თქვენგან ნაქებმა ივანიშვილმა თბილისში ორიდან ორი უძველესი აუზი გააუქმა? უბრალო თბილისელებისთვის ხელმისაწვდომი ორთაჭალის აუზი და “ლაგუნა ვერე” - დედაქალაქის ორადორი ღია აუზია, სადაც ასიათასობით ბავშვმა ცურვა ისწავლა, ათასობით კი სკოლიოზისგან განიკურნა, სადაც ახალგაზრდობა სპორტს მისდევდა, ალკოჰოლის, თამბაქოს მოწევის და ნარკოტიკების ნაცვლად, სადაც ქალაქელები და მათი სტუმრები ზაფხულის სიცხეში ისვენებდნენ და სადაც ვარჯიშობდნენ საქართველოს ნაკრებები ცურვაში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და სინქრონულ ცურვაში?!”. ხალხი ლაპარაკობს, რომ თავდაპირველად თქვენ ორთაჭალის აუზი დაანგრიეთ, რათა ნინო ანანიაშვილისთვის საბალეტო სტუდია, ან თქვენი ტელეკომპანია “TV 9”-სთვის სტუდია აგეშენებინათ, მაგრამ სანაცვლოდ აუზი სხვა ადგილას, როგორც დაჰპირდით, არ ააშენეთ. გასული წლის მიწურულს კი მოულოდნელად “ლაგუნა ვერეც” დახურეთ...

ბატონო ბიძინა, გინდათ, ვიტყვი, რომ თქვენ - არაფერ შუაში ხართ, რომ ეს სულ წყეული კომუნისტების ბრალია, რომლებმაც ეს საუცხოო აუზები ააშენეს და საგანგებოდ დატოვეს მათ ფსკერზე საიდუმლო არხი მოსკვა-რეკამდე, რომ “რუსი ოკუპანტების” წყალქვეშა ნავებმა ზედ თბილისის ცენტრში ამოყვინთონ?

შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ეს - “ნაციონალების” დივერსიებია, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი მყვინთავის შავ კოსტიუმში აუზის ფსკერზე დაიმალა, რომ მოცურავეები დაახრჩოს, რათა განრისხებულმა ხალხმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამხოს და საქართველოში სააკაშვილი დაბრუნდეს!

ბატონო ბიძინა!

რა ვუპასუხო ხალხს, როცა მეკითხებიან: “ბატონო არნო, თქვენ  9 წლის განმავლობაში ყოველდღე ამხელდით “ნაცმოძრაობას”, მაგრამ გვაძლევთ თუ არა გარანტიას, რომ თქვენ მიერ ნაქები “ქართული ოცნების” მერი და გამგებლები უკეთესები იქნებიან?”.

ბატონო ბიძინა, აი აქ კი უკვე აღარ ვიცი, რა ვუპასუხო ხალხს, იმიტომ რომ ენა არ მომიბრუნდება იმის სათქმელად, რომ გამგებლები მელია, დახელაშვილი და სხვები ადამიანების მიმართ უყურადღებობას იჩენდნენ. კრემლთან კავშირსაც არავინ დაიჯერებს, თან უგულავას დანაშაულიც, როგორც ხედავთ, სასამართლომ არ დაამტკიცა (თუმცა თქვენ ბოლო წუთამდე გქონდათ კუბლაშვილის იმედი...).

გინდათ, ვიტყვი, რომ ეს ისევ “ნაციონალების” პროვოკაცია იყო - რომ ისინი საგანგებოდ კარგად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს “ქართული ოცნების” დისკრედიტაციის მიზნით, რათა განრისხებულმა ხალხმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამხოს და საქართველოს პრემიერი ... ხათუნა გოგორიშვილი გახდეს?!

 

2014 წლის 2 ივნისი
საქართველო, თბილისი