საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. უკრაინა რუსეთის გაზს მისი მაღალი საფასურის გამო არ შეისყიდის. როგორც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ოლიგარქმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, ამის ნაცვლად კიევს ევროპიდან და აშშ-დან გაზის რევერსული მიწოდების იმედი აქვს.
"ჩვენ გვაქვს გეგმა. პირველ რიგში, დავიწყებთ გაზის რევერსირებას. მეორე რიგში, შევამცირებთ მოხმარებას. მესამე - განვავითარებთ ფიქლის გაზის ტექნოლოგიას და ავაშენებთ თხევადი გაზის ტერმინალებს. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს მოლაპარაკება ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას თხევადი გაზით მოამარაგებენ", - ამბობს პოროშენკო.
გაზის რევერსირებას, ანუ რუსული გაზის სხვა ევროპული ქვეყნებიდან შემოტანას უკრაინა უკვე ნოემბრიდან დაიწყებს. გარდა ამისა, პოროშენკოს თქმით, შემოდგომისა და ზამთრის დასახვედრად უკრაინა მზად არის, რადგან მათ ბუნებრივი აირის რეკორდული რეზერვები აქვთ. რევერსული გაზი უკრაინას უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე პირდაპირ რუსეთისგან ყიდვა.
რუსულ გაზს უკრაინას, სავარაუდოდ, მიაწვდის სლოვაკეთი 2014 წლის ნოემბრიდან. ასევე, გერმანია პოლონეთის გავლით.
“დროა, რუსეთმა შეწყვიტოს გაზის ბერკეტად გამოყენება. შანტაჟის დრო დამთავრდა”, - აცხადებს პოროშენკო.
ენერგოპრობლემიდან გრძელვადიან გამოსავალს პოროშენკო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში ხედავს.