უცხოეთი
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანდა მისი ახლო წრის წარმომადგენლები შესაძლოა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ მრჩევლებად დანიშნოს, თბილისის გაღიზიანებას იწვევს.
"პირველი შეფასებებით ჩვენ მოვისმინეთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. ახლა ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, თუკი უკრაინის ხელისუფლების მრჩეველები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე იქნებიან, ალბათ, თვითონაც მიხვდებიან, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. "ვნახოთ, იქნებიან თუ არა ბენდუქიძე და სააკაშვილი მათი მრჩეველები. თუ იქნებიან, ალბათ თვითონაც მიხვდებიან, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. მაგრამ ვინც უნდა იყოს მათი მრჩეველი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბენდუქიძე და სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეები არიან. ბენდუქიძე მოღვაწეობს საქართველოში და არანაირი პრობლემა არ არის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვულოცავ უკრაინელ ხალხს გამარჯვებას, რადგან ეს სერიოზული ნაბიჯია ევროპისკენ“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.