BBC - ქართველები ინგლისურის სწავლას რუსულის ხარჯზე იწყებენ
ქართველები ინგლისურის სწავლას რუსულის ხარჯზე იწყებენ - ასეთი სათაურით სტატიას საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოსვლაზე BBC -ის კორესპონდენტი ტომ ესლემონტი აქვეყნებს. ჟურნალისტი ვაშინგტონიდან ჩამოსული მასწავლებლის - ლიზა მაიორელოს მაგალითზე ყვება, თუ რატომ ჩამოიყვანეს ასეულობით პედაგოგი, რა მდგომარეობა დახვდათ და რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება მასშტაბური პროგრამისგან.
"ნაცრისფერი, ნაცრისფერი სასკოლო კედლები - საბჭოთა ეპოქის პროდუქტი, ეპოქისა, როდესაც ყველა ბავშვი სწავლობდა რუსულ და ქართულ ენებს და რომლის დავიწყებაც ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. ისინი ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას რევოლუციის შემდეგ, უკვე მეშვიდე წელია, ცდილობენ, - წერს ესლემონტი. - მანანა პატარიძე, რუსული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი, წუხს, რომ ტოლსტოის, დოსტოევსკისა და პუშკინის ენას საქართველოში ასე ექცევიან". ესლემონტს სტატიაში ოფიციალური სტატისტიკაც მოჰყავს და წერს, რომ 2008 წელს საქართველო ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავდა განათლების სფეროზე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, წელს კი მხოლოდ 4.5 მილიონი დოლარი დაიხარჯა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამაზე.