ევროპარლამენტში „პრორუსული პარტია“ გაიმარჯვებს
საქართველო, 23 მაისი,
საქინფორმი. მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე რადიკალებმა გაიმარჯვონ. თუმცა, აღნიშნავს The Washington Post, უფრო მეტ სარგებელს აქედან მიიღებს ადამიანი, რომლის გვარიც სიაში არ არის - ეს ვლადიმერ პუტინია. სანამ ევროპის უმთავრესი ლიდერები დორბლებს ყრიან და პუტინს კიცხავენ, ამომრჩევლები აშკარად განწყობილი არიან, მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც მოსწონს, თუ როგორ ესროლა გამოწვევა რუსეთის ლიდერმა დასავლეთს და დაანაწევრა უკრაინა. ეს ახალ დარტყმას მიაყენებს ევროპის მცდელობებს, მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთის წინააღმდეგ. უკვე რამდენიმე თვეა, ამ კონტინენტის ლიდერები ირწმუნებიან, რომ რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო საშუალება თავშეკავებაა, ასევე, ეს საუკეთესო საშეალებაა ფართო ეკონომიკური კავშირების შესანარჩუნებლად რუსეთსა და ევროპას შორის. თუმცა, ბევრი მემარჯვენე რადიკალური პარტია და ასევე მემარცხენე რადიკალების მცირე ნაწილი ღიად უჭერდნენ მხარს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და ადანაშაულებდნენ აშშ-სა და ევროკავშირს იმაში, რომ მათ კრიზისის გაღვივებას ხელი შეუწყვეს.
„რადიკალ მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს მოსწონთ, რომ პუტინი ევროპულ მეინსტრიმს აცხარებს, - ირწმუნება ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი
საიმონ ჰიქსი, -
მათ ასევე მოსწონთ, რომ მთელი ეს სიტუაცია საყოველთაოდ აღიარებული ელიტის ფარისევლობის ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად ეპირფერებოდა პუტინს, შემდეგ კი განაცხადა, რომ მას მკაცრად მოექცეოდა“. უკიდურესი მემარჯვენეების წარმომადგენლობის გაფართოება უშუალო ზეგავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე სანქციების შესახებ. ამით უწინდებურად დაკავდებიან ნაციონალური მთავრობები, სადაც ძირითადი პარტიები დომინირებენ, - აღნიშნავს „ვაშინგტონ პოსტი“.
თუმცაღა უკიდურეს მემარცხენეებთან ერთად რადიკალებმა შესაძლოა ევროპარლამენტის მესამედი შეადგინონ, რაც პუტინს ახალ იარაღს მისცემს საინფორმაციო ომის წარმოებისას. „პუტინისთვის უფრო იოლი იქნება, დასცინოს ევროპელებს - „“ვის წარმოადგენთ? საკუთარ ხალხსაც კი ვერ წარმოადგენთ...“ - ვარაუდობს ჰიქსი.
მართალია, ევროპის მემარჯვენე რადიკალთა შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ მათ აერთიანებთ ევროკავშირის დასუსტებისა და ისეთივე ნაციონალისტური და ავტორიტარული ხაზის გატარების სურვილი, როგორსაც პუტინი ახორციელებს, - წერს “ვაშინგტონ პოსტი“ გერმანელი პოლიტიკური ანალიტიკოსის სიტყვებზე დაყრდნობით.
გამოცემის აზრით, „პუტინი მათთვის მონათესავე სულია“: იგი დასავლური დეკადანსისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოდის და მხარს უჭერს კონსერვატორულ ნაციონალიზმს, რომელიც ჰომოსექსუალთა უფლებებს უგულებელყოფს და ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერას მოითხოვს. „მემარჯვენე რადიკალებს მიაჩნიათ, რომ ევროპა კოსმოპოლიტიზმისა და პროამერიკანიზმის გამო დაცემას განიცდის, - ვარაუდობს ერთ-ერთი უნგრელი ანალიტიკოსი, - პუტინი ლიდერის ალტერნატიულ მოდელს გვთავაზობს, რომელიც აშკარად უჭერს მხარს ქრისტიანულ შეხედულებებს, ადამიანთა უფლებები უმთავრესად არ მიაჩნია და სჯერა მტკიცე ხელის“. ის ასევე აღნიშნავს, რომ „ანტიევროპულმა ფრაქციამ და ევროპარლამენტმა, შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთის ინტერესებს და რუსული შეხედულებები გამოხატონ”.