უცხოეთი
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ჟურნალისტები იარაღის კონტრაბანდაში დაადანაშაულა

1gosdep-ucx-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ პსაკიმ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ კრამატორსკში დაკავებული ჟურნალისტები LifeNews-ის რეპორტიორები არიან. ბრიფინგის მიმდინარეობისას ჟურნალისტთა კითხვებზე პასუხის გაცემისას პსაკიმ აღნიშნა, რომ მარატ საიჩენკო და ოლეგ სიდიაკინი შესაძლოა გარეული იყვნენ რეგიონში ძირგამომთხრელ საქმიანობასა და იარაღის კონტრაბანდაში.

„სავარაუდოდ, მათი ავტომანქანის საბარგულში მათი დაკავების დროს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იყო. ეს რიგ კითხვებს აჩენს ამ პირებზე, იმაზე, არიან თუ არა ისინი ნამდვილად ჟურნალისტები“, - განაცხადა პსაკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსის დაკავების შესახებ, რომელიც ტელეარხ Russia Today-ში მუშაობდა. პსაკის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ჟურნალისტთა დაკავებას, თუმცა უწყებას აქვს ეჭვი მათი პროფესიული კუთვნილების თაობაზე.

პსაკის განცხადების პასუხად LifeNews-ის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს თხოვნით, წარმოუდგინოს მტკიცებულება იმისა, რომ ჟურნალისტები უკრაინაში „ტერორისტთა თანხლებისთვის“ ჩავიდნენ.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა მარინა ოსტაპენკომ განაცხადა, დაკავებულმა ჟურნალისტებმა აღიარეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აკრედიტაციისა და მოწმობების გარეშე შევიდნენ, - იუწყება „ინტერფაქსი“. მისი მონაცემებით, დაკავებულები ამჟამად კიევში იმყოფებიან და მათ ჯერ ბრალი წაყენებული არა აქვთ. ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა აშოტ გაბრელიანოვმა ივარაუდა, რომ უკრაინელი ძალოვანები ცდილობენ, ჟურნალისტებისგან ტერორისტულ საქმიანობაში აღიარება მიიღონ.

LifeNews-ის ჟურნალისტები 18 მაისს უკრაინის ხელისუფლებამ კრამატორსკში დააკავა, შემდეგ კი კიევში ჩაიყვანა დაკითხვაზე. თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, ჟურნალისტები სახალხო ლაშქრის შემადგენლობაში შედიოდნენ და შტურმისთვის ემზადებოდნენ. 20 მაისს მარიუპოლში დააკავეს ტელეარხ Russia Today-ის შტატგარეშე კორესპონდენტი გრემ ფილიპსი. ევრომაიდნის მომხრეებმა ინტერნეტში არაერთხელ გამოაქვეყნეს მუქარა მისი მისამართით, ქვეყნიდან ჟურნალისტის გაძევება მოითხოვეს და მისი დაკავებისთვის ჯილდოც დააწესეს.